
ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს ძალიან მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას,- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი.
„შავი ზღვა არ არის ერთ-ერთი რეგიონული ზღვა, ეს არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს, სხვადასხვა ცივილიზაციას, სხვადასხვა სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ, სურსათის მიწოდების ჯაჭვებს. ამიტომ მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სტაბილურობა, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ეს დისკუსიები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ყველა, ვინც შავი ზღვის ფართო რეგიონის მონაწილეა, უზრუნველყოს შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოება, ამ რეგიონში მშვიდობა. საქართველოსთვისაც, რა თქმა უნდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, ამ მიწოდების და სავაჭრო გზების სტაბილურობა და ეს დისკუსიები სწორედ ამას უკავშირდება. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების რეგიონი“, – განაცხადა მახაშვილმა.
0
0