
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობით განხორციელდა პროექტი - „სიბრძნე სიცრუისა“ - მოსწავლეთა მიერ სრულად ილუსტრირებული იგავ-არაკების კრებულის გამოცემა და წიგნის ხელოვნების პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებდში „სიბრძნე-სიცრუისას“ 128-ვე იგავი სრულად დასურათდა და ნაწარმოები ვიზუალურად გაცოცხლდა.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი გადამწერლობითი და წიგნის გაფორმების მდიდარი ტრადიციისა, ქართული კულტურის ეს ფუნდამენტური ტექსტი სრულად დასურათებული სახით დღემდე არ არსებობდა. შუა საუკუნეებისა და მომდევნო ეპოქების ოსტატები ძირითადად საბას „ლექსიკონზე’’ აკეთებდნენ აქცენტს. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ისეთმა გამორჩეულმა მხატვრებმა, როგორებიც იყვნენ სევერიან მაისაშვილი, ლადო გუდიაშვილი და მამია მალაზონია, შექმნეს ორიგინალური ილუსტრაციები, თუმცა ჯამში მხოლოდ 30-35 ეპიზოდი იყო ვიზუალურად გააზრებული. წინამდებარე პროექტმა ეს ისტორიული დანაკლისი შეავსო.
გამოცემა სსიპ ქალაქ თბილისის N161 საჯარო სკოლის 70-მა მოსწავლემ შექმნა. პრაქტიკულ სამუშაო პროცესს წინ უძღოდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული წიგნის შექმნისა და მინიატიურული მხატვრობის ტრადიციების სიღრმისეული შესწავლა. ახალგაზრდების ძალისხმევით შეიქმნა ნაწარმოების სრული ხელნაწერი და ილუსტრირებული ვერსია. სამტომიანი ხელნაწერის დედანი N161 საჯარო სკოლის სამუზეუმო სივრცეში დაიდებს ბინას, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის გამოიცა ბეჭდური სახით. გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექსტობრივ-ლიტერატურული თვალსაზრისითაც, თითოეულ იგავს დართული აქვს თანამედროვე ქართულ ენაზე ადაპტირებული ტექსტი, მორალთა საძიებელი და შესაბამისი ლექსიკონი. ეს მიდგომა ნაწარმოებს კიდევ უფრო გასაგებსა და ხელმისაწვდომს ხდის ფართო აუდიტორიისა და ახალგაზრდა თაობისთვის.
0
0