
კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 2026 წლის 25 და 26 ნოემბერს, გალერეა „იარტში“, გაიმართება პროექტის „ფერებით შექმნილი მომავალი“ შემაჯამებელი გამოფენა, რომელიც სამი თვის განმავლობაში განხორციელებული შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესის დასკვნითი ღონისძიებაა.
ხელოვნება მხოლოდ ხატვა არ არის, ეს საკუთარი თავის აღმოჩენის, ემოციების გამოხატვისა და სამყაროს განსხვავებული თვალით დანახვის შესაძლებლობაა. სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა პროექტი „ფერებით შექმნილი მომავალი’’, რომელიც ზალიკოს სტუდიამ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს’’ მხარდაჭერით განახორციელა. კონკურსის „კერძო/მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების ხელშეწყობა’’ ფარგლებში.
პროექტის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შემოქმედებითი, სოციალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა იყო. სამი თვის განმავლობაში, ზალიკოს სტუდიის თბილისის და რუსთავის ფილიალებში, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 4-დან 16 წლამდე ასაკის 120 ბავშვი სრულიად უფასოდ მონაწილეობდა სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამაში. ბავშვები ეუფლებოდნენ ხატვისა და ფერწერის სხვადასხვა ტექნიკას, სწავლობდნენ კომპოზიციის საფუძვლებს და ეცნობოდნენ დეკორატიულ ხელოვნებას. სასწავლო პროცესი მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, თვითგამოხატვისა და გუნდური მუშაობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევდა. პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ მხატვრული უნარების განვითარებით არ შემოიფარგლებოდა. ის ბავშვებს ეხმარებოდა ინდივიდუალობის გამოვლენაში, საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებაში, თანამშრომლობის უნარების განვითარებასა და შემოქმედებითი გამოცდილების მიღებაში, მხარდამჭერ და პოზიტიურ გარემოში.
პროექტის დასკვნითი გამოფენა გააერთიანებს მონაწილეთა ნამუშევრებს და დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ბავშვების სამთვიანი შემოქმედებითი შრომის შედეგებს. გამოფენის ფარგლებში მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები და საჩუქრები: სამხატვრო მასალები, რომლებიც მათ პროექტის დასრულების შემდეგაც დაეხმარება შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებაში. „ფერებით შექმნილი მომავალი’’ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელოვნების მნიშვნელობას ბავშვის განვითარებაში და იმას, რომ შემოქმედებითი განათლება, მხარდაჭერა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
გამოფენის შესახებ თარიღი: 25–26 ნოემბერი, 2026 წელი გამოფენის გახსნა: 25 ნოემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: გალერეა „იარტი“, თბილისი, უზნაძის ქუჩა №13 პროექტის ორგანიზატორი: ზალიკოს სტუდია პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო და სსიპ შემოქმედებითი საქართველო.
0
0