
მისასალმებელია, როცა საქართველოს სწორი პოლიტიკის აღიარებას ვხედავთ. ეს არ არის მხოლოდ ციფრები, ციფრებთან ერთად, ევროკომისიის მიერ ეს ირიბი აღიარებაა, რომ ქვეყანას სწორი ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, იმის ფონზე, რაც კანდიდატ ქვეყნებსა და რეგიონში ხდება, საქართველო ვითარდება და ეკონომიკური მდგომარეობა იზრდება.
„დასანანია, რომ ეკონომიკური მონაცემების იგნორირება ხდება, როცა საქმე კონკრეტულად პოლიტიკასთან მიდგება. ევროკომისიის მხრიდან პოლიტიკა განისაზღვრება არა სწორედ ეკონომიკური პარამეტრებით, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს მაინცდამაინც ეკონომიკური ზრდა არ მოსწონს, სხვა პოლიტიკური მიზნები აქვთ და ისინი მზად არიან, თუნდაც ეს პოლიტიკა და ქვეყანა შეეწიროს იმას, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები განავითარონ. ეს აღიარება მისასალმებელია, მაგრამ იმედია, მათი მხრიდან ეს მხოლოდ ეკონომიკურ ციფრებად არ დარჩება და კონკრეტულ დადებით პოლიტიკაშიც გადაითარგმნება საქართველოსთან მიმართებით. რასაც ვხედავთ, ბრიუსელისთვის ამ გეოპოლიტიკურ თამაშში უპირატესია ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, ვიდრე ეკონომიკური. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი ეკონომიკის განვითარებაა, რადგან ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენს საშინაო და საგარეო პოლიტიკას სწორედ ამის საფუძველზე ვაწარმოებთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.
0
0