
არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
როგორც ხაბეიშვილი წერს, ნამდვილ დისიდენტებს შვიდი წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და, შესაბამისად, ხელების ჩამოშვება დანაშაულია.
„არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას! მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთიც თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და, შესაბამისად, ხელების ჩამოშვება დანაშაულია! ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიზიარებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია. მანამდე ვიქნებით „ქოცების“ ხელში, ვიდრე გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს ასიათასობით ადამიანის პროტესტს.
რაც შემეხება მე, 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს, ვემსახურო ჩემს ხალხს! არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია!“ – წერს ხაბეიშვილი.
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს ქრთამის შეთავაზების ბრალდება საბოტაჟის მუხლით გადაუკვალიფიცირა და ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.
0
0