
ალიანსის ყველა სუბიექტი დამოუკიდებლად არის ჩართული კამპანიაში 26 მაისისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე სამომავლოდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა საჯარო აქტივობა არის საჯარო, მათ შორის მედიისთვის.
„ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ცხადია, ყველა სუბიექტი დამოუკიდებლად არის ჩართული კამპანიაში 26 მაისისთვის, რომელიც არის მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ისტორიულ კონტექსტში, ასევე სამომავლოდ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია. სწორედ ამას ეფუძნება ის აქციაც. ცხადია, მეტროებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეებში აქტივისტური ღონისძიებები არის საჯარო, საჯაროდ შუქდება, საჯაროდ ვრცელდება სოციალურ მედიაში. აქ ვერაფერ გრანდიოზულს ვერ იპოვით, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი.
ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა. სამი ნაბიჯი ფასების სტაბილურობისთვის – ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა, ეს არის ეგზისტენციალური პრობლემა. საწვავის მაღალი ფასი, დენის გაზრდილი ტარიფი, სოფელს სჭირდება დახმარება. ეს არის ჩვენი გეგმა, ამ გეგმასთან დაკავშირებით ჩვენ მოქალაქეებს ვაწვდით საინფორმაციო ბუკლეტს და ჩვენს მოთხოვნებს ვაცნობთ. ცხადია მათ შორის ვეპატიჟებით 26 მაისის აქციაზე, ჩვენ ეს კამპანია ბევრად ადრე დავიწყეთ, არაერთ მოქალაქეს შევხვდით თბილისში, მათ შორის რეგიონებში. ამას გავაგრძელებთ 26 მაისამდეც, შემდეგაც, რადგან ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება.
შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა საჯარო აქტივობა არის საჯარო, მათ შორის მედიისთვის. ეს პირდაპირ ჩვენს ინტერესში შედის, ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ მედიას რატომ არ ეძახით, ყველგან ვეძახით, ყველგან გვაქვს სურვილი, რომ გააშუქონ მოვლენები იმ რეალობით, რა რეალობითაც შეწუხებული არიან ჩვენი მოქალაქეები. ამიტომ ეს არის რაღაც, ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. დარწმუნებული ვარ, იგივე დამოკიდებულება აქვთ ყველა საჯარო აქტივობასთან დაკავშირებით ალიანსის წევრებს“, – განაცხადა ფარულავამ.
0
0