
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა, – ამის შესახებ აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა და ეს ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
„თბილისში ჩვენი საგარეო ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც კონრად ადენაუერის ფონდს ადგილზე საკუთარი ძირითადი მისიის შესრულება აღარ შეუძლია.
2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ კონრად ადენაუერის ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა. ფონდი აცხადებს, რომ ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის, გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს პირობებში, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შესაქმნელად, უშედეგო აღმოჩნდა.
პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა შესაბამისობაში ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიასთან.
საქართველოში მხოლოდ ფიზიკურად ყოფნა, ჩვენი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა არ არის. შესაბამისად, ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი საქმიანობისთვის დაწესებული შეზღუდვების გარდაუვალი შედეგია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ფონდი კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მრავალწლიანი პარტნიორების მიმართ.
„კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) 2003 წლიდან საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო საქმიანობის განვითარებისა და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს. ფონდის საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს (AA) და ევროკავშირის გრანტებით.
ორ ათეულ წელზე მეტია, ფონდი მხარს უჭერდა რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, წარსულთან გამკლავების პროცესს, რელიგიათაშორის დიალოგს, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ახალგაზრდა მკვლევრებისთვის განკუთვნილი პროგრამებისა და სტიპენდიების საშუალებით ფონდი ასევე მხარს უჭერდა ახალგაზრდა ქართველთა თაობებს. პოლიტიკური, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებიდან პარტნიორებთან ერთად, ფონდი მხარს უჭერდა ქვეყნის ძალისხმევას ევროპული რეფორმებისა და მოდერნიზაციის გზაზე.
ფონდი კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მისი მრავალწლიანი პარტნიორების მიმართ. ის ქვეყანაში იურიდიულ პირად რეგისტრაციას ინარჩუნებს, რათა პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემთხვევაში, დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0