
კიევის რეჟიმმა თავის ძალებს დანებების ბრძანება უნდა მისცეს, რათა შესრულდეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდება კურსკის ოლქში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯგუფის სიცოცხლის „დაზოგვის“ შესახებ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული შეხვედრის გახსნისას განაცხადა, იუწყება TASS-ი.
„აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდების ეფექტური განხორციელებისათვის აუცილებელია უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შესაბამისი ბრძანება მისი სამხედრო ქვედანაყოფებისთვის - შეიარაღება დათმონ და ჩაბარდნენ“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 14 მარტს რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ტრამპის თქმით, კურსკის ოლქში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცია, რომელიც სრულ ალყაშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დაჟინებით მოსთხოვა, „მათი სიცოცხლე დაინდოს“.
თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროები გარშემორტყმულები არიან.
„ცნობები მტრის მიერ კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების სავარაუდო „გარშემორტყმის“ შესახებ არ შეესაბამება რეალობას და შექმნილია რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის და უკრაინასა და პარტნიორებზე ზეწოლის მიზნით... ჩვენი ქვედანაყოფების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
0
0