
სამწუხაროა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული პოლიტიკის მხარდამჭერია, მანამდე მათ დიქტატორულ პოლიტიკას უჭერდნენ მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში არ ხდება რეპრესიები, არამედ ყველას მიმართ მიმდინარეობს ღია სასამართლო პროცესი.
„ყველა ადამიანს აქვს საშუალება, განაჩენი გააპროტესტოს და გაასაჩივროს, მათ შორის ევროპის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ვნახეთ, რომ ყველა ასეთი შემთხვევა სამართლიანობის გამარჯვებით დამთავრდა, აღიარებული იყო, რომ საქართველოში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები კანონიერია და ადამიანის უფლებათა ყველა ძირითად სტანდარტს შეესაბამება. სწორედ დესტრუქციული პოლიტიკის ხელშეწყობამ, მათ შორის ამ პარტიის დიდი აქტიურობით, გამოიწვია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესის შეფერხებისთვის თუ ვინმემ გადადგა ყველაზე დიდი ნაბიჯები, ეს სწორედ ასეთი საგარეო ჩარევების შედეგი იყო. ოპოზიციის მიერვე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევამაც ნათლად დაგვანახა, რომ ამან ოპოზიცია უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. სახალხო პარტიის ძირითადი ბირთვი გერმანია არის, რომელიც თავის დროზე ქრისტიან-დემოკრატიულ/ქრისტიან-სოციალური კავშირით იყო წარმოდგენილი, ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, მძლავრ, პროგრესულ, მათ შორის კონსერვატიულ-პროგრესულ ძალად, მათ შორის გერმანიაში. დღეს ვხედავთ, რომ მთელ რიგ რეგიონებში 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი უჭირს. ამიტომ, ამ დესტრუქციულმა მიდგომებმა აქაური ოპოზიციაც იმ ნულოვან ნიშნულამდე მიიყვანა, როგორი ვარდნაც „სახალხო პარტიას“ დღეს აქვს თავის ქვეყანაში, გერმანიაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0