
ადამიანებს აქციის ჩატარებას არავინ უშლის. კონკრეტული მოცემულობა უნდა გაითვალისწინონ, რომ მთელი ქალაქის ცენტრი დაკავებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მზადებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას სპეკულაცია აქვს ატეხილი.
„აქედან გამომდინარე, მათ თავიანთი აქციის მიმზიდველობა პროვოკაციულ დონეზე რომ გაზარდონ, ამ სცენის გარშემო აქვთ სპეკულაცია ატეხილი. ამ სპეკულაციის იქით არაფერი დევს. აქციის გამართვა თუ უნდათ, შეუძლიათ, სპეკულაციების გარეშე გამართონ. კონსტიტუციური უფლება მაქვს, რომ თავისუფლების მოედანზე ავტომობილით გადავადგილდე, მაგრამ ახლა ამ კონსტიტუციურ უფლებას კონკრეტული გარემოების გამო ვერ ვასრულებ. ობიექტური მოცემულობაა, რის გამოც ამას ვერ აკეთებ. მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ეუბნებიან, რომ ობიექტური მოცემულობის გამო ამ კონსტრუქციას ვერ გააკეთებენ. აქცია ისე ჩაატარონ, შეკრიბონ ხალხი და ისაუბრონ. მთელი შინაარსი მიმართულია იმისკენ, რომ პროვოკაცია მოაწყონ და იქნებ, ეს ბედნიერება ხვდეთ წილად, რომ ვიღაცამ ვიღაცა დააკავოს და საზღვარგარეთ სალაპარაკო გავაჩინოთ. ჩვენი მზე ოპოზიციის მთელი შინაარსი ეს არის. კანონი კანონის ფარგლებში იმოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0