
ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური პროგნოზის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს მაჩვენებელი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას.
„პროგნოზის ზრდა განაპირობა პირველი კვარტლის მონაცემებმა. ვფიქრობთ, გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, რაც წარმოადგინა ევროკომისიამ. ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. დღესაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიება. კომპანია „ტეზერთან“ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. ეს არის დაახლოებით 200 მილიარდის აქტივების მქონე მაღალტექნოლოგიური კომპანია. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებში არის მაღალი ნდობა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს ყველაფერი დამატებით ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და დამატებით ტემპის გაზრდას. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა, გვყავს ძალიან ეფექტური გუნდი მთავრობაში. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ერთი წლის განმავლობაში კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით, განსაკუთრებით ზედა დონეზე. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ეკონომიკურ ტენდენციებზე. ჩვენ შარშან თუ წელი დავხურეთ 7,5%-ით, პირველ კვარტალში გვქონდა 9,1% ეკონომიკური ზრდა. ანუ, შარშანდელ მაღალ ზრდასთან შედარებითაც კი, გაიზარდა ზრდის მაჩვენებელი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის კორუფციის აღმოფხვრა, კონკრეტული მიმართულებებით პოლიტიკის გადახედვა. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროკომისიამ 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკური პროგნოზის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მშპ-ის ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი, თუმცა მაჩვენებელი სტაბილურად 5-5.5%-ის ფარგლებში დარჩება.
1
0