
"გიორგი კანდელაკის სახელსა და გვარს როდესაც იგებს ჩვენი საზოგადოება, ყველას გვახსენდება 2012 წლიდან მისი ქმედებები და საქციელი ევროპარლამენტის დერეფნებში. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა და ითხოვდა, როგორმე საქართველოს არ მიეღო ის ბენეფიტები, რომელიც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ. იქნებოდა ეს უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი თუ ასე შემდეგ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "ვაშინგტონ ფრი ბიკონის" მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიას თქმით, "კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს".
"ალბათ, ეს არის მისი დავალება და მისი როლი ამ დიდ ჯგუფში. ასევე არ დაგვავიწყდეს ცრუ სტატიები, სადაც ის ერთგვარი თანაავტორი იყო ამ ყველაფრის. არ დაგვავიწყდეს ასევე ის ფაქტი – მგონი, ის და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ, დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ბილიკების გასაკვალად გრანტი გამოუყო. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი.
ალბათ შემორჩენილია ამ გრანტის თანხიდანაც, ალბათ, ერთ-ერთი ფარული პუნქტი იყო ასეთ მოღალატეობრივ ანგარიშებსა და სტატიებზე მუშაობა. ის აგრძელებს, თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა ამ ადამიანზე, რომ არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა. ასე რომ, აგრძელებს თავის დავალებას და პირნათლად ასრულებს, როგორ გამოსდის, თუ რეალურად როგორი კონტრპროდუქტიულია ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათი თითოეული ასეთი ქმედება, ეს არის ჩვენს ქვეყანაში მთავარი. ჩვენ, პირველ რიგში, გვადარდებს ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება და ჩვენი შიდა პოლიტიკა.
ნაკლებად გვადარდებს - უბრალოდ სახელი და გვარები ვიცით, იდენტიფიცირებული გვყავს ის აგენტურა, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ სხვადასხვა გზით მოქმედებს. ერთ-ერთი არის ეს ბატონი, რომელიც გარეთ კორიდორ-კორიდორ დარბის, სრული აბსურდის მონახაზებს აკეთებს და შემდეგ სხვადასხვა საშუალებით ამას ავრცელებს. ღალატის კიდე ერთი მაგალითი ვნახეთ კოლექტიური "ნაცის" მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0