
ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსიდან, რომელსაც ვატარებთ „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ „ალდეს“ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
კირცხალიას თქმით, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს დაკვეთა ძალაშია ახლაც და ეს დაკვეთაა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობა.
„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ ელიტაზე ევროკავშირში, მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ ავიწყდებათ, რომ წლებია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი უსამართლო თავდასხმების ქვეშ. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ მიერ უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო რაღაც სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან, ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით. კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს დაკვეთა ძალაშია ახლაც და ეს დაკვეთაა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის. ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით“, - აღნიშნა მან.
„ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ - ALDE Party მოუწოდებს ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში „რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი“.
0
0