
გლდანის საპყრობილეში ხშირად შემოდიოდა „წითელი ჯვარი“, როდესაც შევდიოდი მათთან შესახვედრად ოთახში, ჯიბეში რაღაც ჩამიგდეს და მითხრეს, ეს არის ის, რომ გისმინოთ და არაფერი წამოგცდესო, როცა შევედი „წითელ ჯვართან“, ვუთხარი, რომ საუბარი არ მინდოდა და უნდა გავსულიყავი, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ ყველა პატიმარი, ვინც მათთან შედიოდა, ეუბნებოდა ერთსა და იმავე ტექსტს, აინტერესებდა, რა ხდებოდა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
როგორც აბდალაძემ განაცხადა, არავის ჰქონდა „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან საუბრის სურვილი, რადგან იცოდნენ, რომ ამ საუბრის შემდეგ აუცილებლად საშინლად დასჯიდნენ.
ამასთან, აბდალაძემ კომისიის სხდომაზე ისაუბრა მისი დაკავების შემდეგ, ციხეში განვითარებულ სხვა მოვლენებზეც. მისი თქმით, მას იძულებით დააწერინეს წერილი, თითქოს შიმშილობა შეწყვიტა.
ფოტორეპორტიორმა ასევე აღნიშნა, რომ შიმშილობის დაწყების შემდეგ, მის საქმეში ადვოკატი ეკა ბესელია ჩაერთო.
„მოსაცდელ ოთახში დაახლოებით 50 კაცი ვიყავით. ბანაობის საშუალება არ იყო. ადვოკატებს ბოდიშს ვუხდიდი ხოლმე. ჩემს საქმეში შემდგომში ჩაერთო ეკა ბესელია და მისი თანაშემწე, ასევე იყო ის ორი ადვოკატი, რომლებიც თავიდანვე მყავდა. სულ ვეკითხებოდი, რა დევს საქმეში, რაში გვდებენ ბრალს-მეთქი. მგონი, მესამე-მეოთხე დღეს ჩაერთო ქალბატონი ეკაც საქმეში. ამ დროს აღიარება არ მაქვს, ვშიმშილობ. ამავე დროს, უკვე ჟურნალისტების შეხვედრა არის ვანო მერაბიშვილთან. მან უთხრა ჟურნალისტებს, აბდალაძის განცხადებას მოგიტანთ, შიმშილობა შეწყვიტაო. წინა დღეს მე გამიყვანა საკნიდან ვიქტორ ყაჭეიშვილმა და მითხრა, განცხადება უნდა დამიწერო, რომ შიმშილობა შეწყვიტე და ისე, რაც გინდა ის გიქნიაო. ვითომ, მამაომ გირჩია შეწყვეტაო. მე უარი ვუთხარი. შემდეგ ჩართო რაცია, ვიღაცებს დაუძახა და მითხრა, გაჩვენებ სეირსო. შემდეგ მოითხოვა, საკნიდან გამოიყვანეთ, ვინც ამასთან ერთად არისო, ახლა ამათ ვაწამებ, შემდეგ შენ ჩაგსვამ მაგათთან და ვინ ვის რას უზამს, მაგას გაჩვენებო. რომ გამოჰყავდათ უკვე პატიმრები, ვუთხარი, დაანებე თავი, შევწყვეტ შიმშილობას-მეთქი. დავუწერე, რომ ადმინისტრაციის რჩევის საფუძველზე მივიღე გადაწყვეტილება. ეს გაუგზავნეს ვანოს“, – განაცხადა აბდალაძემ.
0
0