
20 ივნისის საღამოს პარლამენტის ერთ-ერთ ოთახში, ჩემდა გასაკვირად, იყო გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, გახარიას ვკითხე, საიდან აღმოჩნდა აქ და ცოტა ცინიკურად მიპასუხა, რომ რუსთაველზე სეირნობდა და ჩემებმა ამოიყვანესო, – ამის შესახებ 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანლმა, გიორგი ჭოლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ჭოლაძის თქმით, მან უთხრა გიორგი გახარიას, რომ ელჩის იქ ყოფნა კატეგორიულად დაუშვებელი იყო, რადგან ვენის კონვენციის მიხედვით, მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დიპლომატი, განსაკუთრებით კი, ელჩი.
„20 ივნისს პარლამენტის შენობაში ვიყავით საღამოს 11-ის წუთებზე. პრემიერ-მინისტრი გადმოვიდა თავისი ხაზით, მე ფეხით გადმოვედი სამთავრობო დაცვის ჭიშკრის გავლით და დაცვის თანამშრომლებმა ამომიყვანეს ზვიად ძიძიგურის ოთახში, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ოთახში ზვიად ძიძიგური არ მახსენდება, სავარაუდოდ ოთახი დათმო. იქ იყვნენ გიორგი გახარია, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მამუკა მდინარაძე მთელი პროცესის განმავლობაში იქ იყო, ასევე მიხეილ ყაველაშვილი, შემდეგ უკვე სხვა დეპუტატებიც მოგროვდნენ. ჩემდა გასაკვირად, იქ სავარძელზე იყო გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში. გახარიას ვკითხე, რას აკეთებდა ეს ადამიანი აქ, რადგან მარტივია. ვენის კონვენცია თუ ვინმეს წაკითხული აქვს, წერია, რომ მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დიპლომატი, განსაკუთრებით ელჩი. ვენის კონვენცია ავალდებულებს მიმღებ სახელმწიფოს, გააკეთოს პრევენცია ნებისმიერი დიპლომატის თავდასხმის, თუ მისი ღირსების შელახვის წინააღმდეგ. მე გახარიას ვუთხარი, რომ ამ კაცის იქ ყოფნა იყო კატეგორიულად დაუშვებელი. ვკითხე, საიდან აღმოჩნდა და მიპასუხა ცოტა ცინიკურად, როგორც სჩვევია, რუსთაველზე სეირნობდა და ჩემებმა ამოიყვანესო. ჩემი პირადი შეფასებაა, რომ ეს ადამიანი იქ იყო აბსოლუტურად ჩამოშლილი და აბსოლუტურად არაკომპეტენტური. გავესაუბრე ელჩს, ცოტა გაკვირვებული იყო, რა უნდოდა თითქოს მანდ, კითხვებს მისვამდა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შემდეგ ამ მოვლენის პარალელურად, რაც გახარიამაც აღნიშნა, აქ როდესაც იყო, ის მართლა ურეკავდა დეპუტატებს, მერე დეპუტატების რაოდენობა მომრავლდა, ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანიც იყო. მე არ ვიცი, რას ეუბნებოდა, მოდით, სად ხართო, ეს საუბარი იყო.
გახარიამ აქ სხდომაზე ისიც ახსენა, მათ ვასულიერებდიო. გულწრფელად გეუბნებით, მე მისი მოსულიერებული ნამდვილად არავინ მინახავს, არც მისი ყავით და წყლით გამასპინძლებული, არც მისი ჩამოტარებული ხაშლამა. იქ არც დრო იყო და არც სიტუაცია. ოთახ-ოთახ დავრბოდიო, არც ეს მინახავს. მე ოთახ-ოთახ ვნახე, როგორ დარბოდა სოზარ სუბარი. სადაც ვიყავით, იმ ოთახიდან ცუდად ჩანდა მიმდინარე პროცესები და სოზარ სუბარი გადიოდა ხოლმე. სროლა რომ დაიწყო, შემოვიდა სოზაზრ სუბარი, რა ხდებაო და აგდებით გვიპასუხა, ოპოარხები ატრიალებენ ძველ კადრებსო“, – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.
0
0