„მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება“, - განაცხადა ელჩა ფიშერმა გამოცემა „ბათუმელებთან“.
ფიშერის თქმით- "ამ თავდასხმების ფონზე, გერმანიის მთავრობამ წერილობით არაერთხელ დაადასტურა, რომ მე ჩვენს პოლიტიკას, პოზიციას, აზრსა და წუხილებს გამოვხატავ – როგორც საქართველოს მეგობარი.
საქმე გვაქვს გარკვეულ ნარატივთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა. ეს არის გამოგონილი ნარატივი „გლობალური ომის პარტიის“, „დიფსთეითის“ და „ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ, რომლებიც თითქოს შეთქმულებას აწყობენ საქართველოს წინააღმდეგ.
ეს სიცრუეა."
ფიშერი ასევე ამბობს, რომ მას არავითარი დიფსთეითი არ უნახავს.
"მე 40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი „დიფსთეითი“ არ მინახავს. ვინ არის ეს „დიფსთეითი“? შეუძლიათ სახელი დაგვისახელონ? ან სახე გვაჩვენონ? როგორ შეიძლება ეს ჯგუფი ასე გავლენიანი იყოს აშშ-ში, მერე გადავიდეს ევროკავშირში, მერე დიდ ბრიტანეთში და მას ვერავინ ხედავდეს? ფაქტები სხვას ამბობს. ფაქტია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები არიან.
ჩვენ არ ვერევით შიდა საქმეებში და არ ვუწყობთ ხელს ძალადობას. თუმცა „ქართული ოცნება“ ამ ნარატივს ავითარებს, ერთი ჩემნაირი, „ბებერი დიპლომატი“ კი მათ ამ ნარატივის გასამყარებლად სჭირდებათ. ისინი იყენებენ ყველაფერს, რასაც იპოვიან და ამბობენ, რომ ეს მათი შეთქმულების თეორიის მტკიცებულებაა."- თქვა ფიშერმა.
