
ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუცია „საქართველოში ავტორიტარიზმის გაძლიერება“ წარადგინა.
როგორც ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაშია აღნიშნული, დოკუმენტის წარმდგენები გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო.
„გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ავტორიტარიზმის დრამატული გაძლიერებისა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა კრიზისის გამო, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ გრძელდება; ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემატური დარბევა, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების, სისხლისსამართლებრივი დევნის, დაშინებისა და რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენებით; ვინაიდან 2026 წლის 11 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ბარამიძის, ღალატის ბრალდებით დაკავება წარმოადგენს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამოყენების შემდგომ ესკალაციას და აჩვენებს პოლიტიკური თვითგამოხატვის მზარდ კრიმინალიზაციას; ვინაიდან სასამართლო სისტემა კვლავ გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად და არა კანონის უზენაესობის დამოუკიდებელ გარანტად; ვინაიდან „ქართული ოცნების“ შიდა ფრაგმენტაციას თან ახლავს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების უპრეცედენტო წმენდა, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლება, გამოძიებები, დაკავებები და ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა; ვინაიდან ეს მოვლენები მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მზარდ არასტაბილურობაზე მიუთითებს და სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ შერჩევითი ანტიკორუფციული დევნა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემა სულ უფრო მეტად გამოიყენება რეჟიმის შიდა კონსოლიდაციისა და პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების ინსტრუმენტებად; ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ განაახლა საჯარო განცხადებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რასაც თან ახლავს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალური პროცედურის გამოყენება; ვინაიდან ეს საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ქმნის პირობებს ერთპარტიული დიქტატურის კონსოლიდაციისთვის; ვინაიდან შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების ფუნდამენტური თავისუფლებები კვლავ მკაცრად იზღუდება, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ბრალდებები სათანადოდ არ არის გამოძიებული; ვინაიდან დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური ინსტიტუტების წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა, ასევე საჯარო მოხელეების დაშინებამ და თანამდებობიდან გათავისუფლებამ კიდევ უფრო შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები;
ევროპის სახალხო პარტიაში გამოხატავენ სოლიდარობას ქართველი ხალხის, მათი დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში კონსტიტუციით გარანტირებული ლეგიტიმური უფლებების დასაცავად.
„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას საქართველოს ხალხის მიმართ, მათი დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებების, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში კონსტიტუციით გარანტირებული ლეგიტიმური უფლებების დასაცავად; მკაცრად ვგმობთ გიორგი ბარამიძის აშკარ პოლიტიკური მოტივით დაკავებას და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლებას და ყველა პოლიტიკურად მოტივირებული საქმის წარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ევროპის სახალხო პარტიის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, აკრძალვისკენ მიმართული სამართლებრივი პროცედურები და პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმსა და მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლები; მოვუწოდებთ წამების, არასათანადო მოპყრობის, ძალის გადამეტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ; მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ მიზნობრივი სანქციები და სხვა შემზღუდველი ზომები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურ რეპრესიებზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, არჩევნების მანიპულირებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიტაცებაზე; ხაზს ვუსვამთ, რომ „ქართული ოცნება“ სრულად არის პასუხისმგებელი იმ შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ევროკავშირის 2018/1806 რეგულაციის გადასინჯული ვერსიის მე-8ა მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს აღნიშნული მექანიზმის მიზნობრივი გამოყენება პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ; კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებული პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისი, რომელიც საქართველოს ევროპულ გზას აფერხებს და რუსეთის გავლენის მიმართ ქვეყნის მდგრადობას ასუსტებს, შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ რეალურად თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების გზით, რომლებიც ჩატარდება დემოკრატიულ გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და სანდო საერთაშორისო დაკვირვების პირობებში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
0
0
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
30/09/2026