
ევროპარლამენტარებმა პეტრ ბისტრონმა, ტომაშ ფროელიხმა, ჰანს ნოიჰოფმა და ალექსანდერ სელმა „სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის“ ჯგუფის სახელით ალტერნატიული რეზოლუცია წარადგინეს საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის თაობაზე.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ფართო დაცვით და რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ახალი მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
რეზოლუციაში შეშფოთებაა დაფიქსირებული უცხოელი აქტორების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ქმედებებში, რაც მიზნად ისახავს არჩეული მთავრობის დამხობას ქუჩის ძალადობითა და სხვა არაკონსტიტუციური საშუალებებით.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, შეწყვიტოს კონფრონტაციული მიდგომა და თავიდან აიცილოს შავ-თეთრი კონტრასტი სხვადასხვა მხარეს შორის.
ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, აღიაროს საქართველოში არსებული სიტუაციის სირთულე და არ გააგრძელოს ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ზრდის ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკის პოლარიზაციას.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ონლაინ მედია გარემო მრავალფეროვანია და ხელმისაწვდომია თემების ფართო სპექტრის კონტენტი და რომ, ზოგადად, ონლაინ კონტენტი წაშლას არ ექვემდებარება და მთავრობის მოთხოვნები ონლაინ კონტენტის ამოღების შესახებ შედარებით იშვიათია.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2025 წლის 12 იანვარს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის სახეში დარტყმის შემდეგ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული - „პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა“.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს ან შეზღუდოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა.
დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის კონფლიქტში გადამწყვეტია ის პარტიული როლი, რომელიც ბევრმა ოპოზიციასთან დაკავშირებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ აიღო, მთავრობის დამხობის მოწოდებით.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობაა, რადგან არსებობს შეუსაბამობა იმ საკითხებს შორის, რაზეც ეს ორგანიზაციები მუშაობენ და მოსახლეობის უმრავლესობის ეკონომიკურ პრობლემებს შორის.
0
0