
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლები ჯერჯერობით გაეცნენ ჩვენს პოზიციებს, არანაირი შენიშვნები ჩვენ მიმართ არ ყოფილა და არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა ტიპის რჩევა და რეკომენდაცია ჰქონდათ ოპოზიციასთან შეხვედრისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს.
შეკითხვაზე, მოიწონეს თუ არა მათ არჩევნებზე თუ პარლამენტზე ბოიკოტის გზა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე ასეთი საუბარი, რომ ვთქვათ, ეს მათთვის მიუღებელია, არ ყოფილა.
შეკითხვაზე, რატომ ამბობენ მაშინ „ლელოს“ ლიდერები, მაგალითად, გრიგოლ გეგელია, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის გზით და მათი გზავნილიც მან აღიქვა როგორც ოპოზიციისკენ მოწოდება პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკური ინსტიტუტებში ჩართვის შესახებ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, პოლიტიკაში ხშირად ხდება, როცა კონკრეტული განცხადება აღიქმება ხოლმე საკუთარ პრიზმაში, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
„მათ შორის „ლელოს“ აქვს პარტიული პოზიცია, რომლის მიხედვითაც სურს, გამოირჩეს სხვა ოპოზიციისგან და ამას ეძახიან რაღაც პრაგმატულ პოლიტიკას, ზომიერ პოლიტიკას, თურმე ბოიკოტს აზრი არ აქვს. ბოიკოტს რას ეძახიან? პარლამენტში არჩევნები გაყალბდა და მე არ ვიცი, პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ამირჩია იმ ხალხმა, რომლისთვისაც ღალატის ტოლფასი იქნებოდა პარლამენტში შესვლა. მე ანგარიშვალდებული ნამდვილად არ ვარ არც ბრიუსელთან, არც ვაშინგტონთან, მე ანგარიშვალდებული ვარ ხალხთან, ვინც ამირჩია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
0
0