
ევროკომისიის 2026 წლის მეტა-კვლევა საქართველოს უალტერნატივო სტრატეგიულ დერეფნად აღიარებს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. დოკუმენტში „შუა დერეფნის“ (TCTC) განვითარების პრიორიტეტები დეტალურადაა გაწერილი.
კვლევის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიულ პრიორიტეტად არის დასახელებული ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი დასახელებულია სტრატეგიულ პრიორიტეტად ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების ფარგლებში. აქცენტი კეთდება მის სრულ ინტეგრაციაზე სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებთან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პორტი, რომელიც ჩინური კონსორციუმის მიერ შენდება, გახდება შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში.
ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ კაბელზე (BSSC):
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი – ფლაგმანური პროექტი (ბიუჯეტი 70-90 მილიონი ევრო მხოლოდ ციფრული ნაწილისთვის), რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოს რუმინეთთან“, – აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, პროექტი, რომელიც ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს, საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად აქცევს. პროექტის მთლიანი ღირებულება ენერგეტიკული და ციფრული კომპონენტების ჩათვლით 2.3 მილიარდ ევროს აღწევს.
დოკუმენტი რამდენიმე კრიტიკულ პროექტს ასახელებს: აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი: ჩუმათელეთი-არგვეთის მონაკვეთი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა.
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს მდინარე რიონზე ახალი ხიდის მშენებლობას და მისასვლელი გზების მოდერნიზაციას, როგორც „საცობების მოხსნის“ ნაწილს.
დოკუმენტში ასევე ყურადღება გამახვილებულია ევროპული მართვის სისტემის (ERTMS) დანერგვისა და ლოკომოტივების განახლების აუცილებლობაზე.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ახალქალაქის სადგურზე ტვირთების სწრაფად გადატვირთვის თანამედროვე სისტემა დაინერგება. კვლევაში ორი მთავარი ლოჯისტიკური ცენტრია დასახელებული: ქუთაისის ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ გზატკეცილთანაა განთავსებული და თბილისის ცენტრი, სადაც ტვირთები ეფექტურად გადანაწილდება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ორივე პროექტი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრებს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო განიხილება, როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და მწვანე ენერგიის ექსპორტის რეგიონული ცენტრი. კვლევაში ხაზგასმულია: განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალი, მწვანე წყალბადის წარმოება და ექსპორტი, შავი ზღვის ენერგო-კაბელის პროექტი.
„ხაზგასმულია საქართველოს პოტენციალი მწვანე წყალბადის წარმოებასა და ექსპორტში, რაც ევროპის დეკარბონიზაციას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველო რეგიონულ ციფრულ ჰაბად ყალიბდება რამდენიმე მიმართულებით. ჩამოთვლილია კომპონტენტები: კასპიისა და შავი ზღვის ქვეშ კაბელების გაყვანა აზია-ევროპის დასაკავშირებლად; თბილისში ინტერნეტ-გაცვლის ცენტრის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს ინტერნეტ-ტრაფიკი რეგიონშივე დარჩეს, რაც ხარისხს გააუმჯობესებს და ხარჯებს შეამცირებს; Log-in Georgia და REDI პროგრამები ქალაქგარეთ ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. ევროკომისია აქცენტს აკეთებს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს გულისხმობს ახალი ციფრული საბაჟო სისტემების (NCTS და SEED) დანერგვას, რომლებიც ავტომატურად გაცვლიან ინფორმაციას ევროკავშირთან. პორტებში ერთიანი ციფრული პლატფორმა შეიქმნება, რომელიც დააკავშირებს პორტს, საბაჟოსა და რკინიგზას. ასევე, დაინერგება ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტანდარტები, მათ შორის მონაცემთა დაცვისა და 5G ქსელის უსაფრთხოების სისტემები.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია საქართველოში რამდენიმე დიდ პროექტს აფინანსებს: ევროპის საინვესტიციო ბანკი – საგზაო ინფრასტრუქტურას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – სარკინიგზო მოდერნიზაციას და ლოჯისტიკას, მსოფლიო ბანკი – ენერგეტიკულ პროექტებს.
„საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად არის მოაზრებული“, – აღნიშნულია კვლევაში.
ევროკომისიის მეტა-კვლევა საქართველოს, როგორც „კარიბჭეს“ და რეგიონულ ენერგეტიკულ-ციფრულ ჰაბს განიხილავს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა პირდაპირ აისახება ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობის სტაბილურობაზე.
„ევროკომისიისთვის საქართველო „შუა დერეფანია“ – „კარიბჭე“ და რეგიონული ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბი. ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობის სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება“, – აღნიშნულია დასკვნით ნაწილში.
1ტვ
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026