
დიდი ბრიტანეთის სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნებულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ მოქმედი არაბრიტანული კომპანიებისთვის. სახელმძღვანელოში კონკრეტული მაგალითებით არის ახსნილი რა ითვლება რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებად და როგორ უზრუნველყოს არაბრიტანულმა ბიზნესმა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არ დაარღვიოს.
დოკუმენტი 27 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) გამოაქვეყნა.
პირველ რიგში, ვებგვერდზე მოცემულია ზოგადი სახელმძღვანელო ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ეხმარება არაბრიტანულ კომპანიებს ბრიტანეთის სანქციების არსის გაგებაში და იმაში, როგორ შეიძლება იმოქმედოს მათ ბიზნეს ოპერაციებზე გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ.
პორტალზე, ასევე, მოცემულია სახელმძღვანელო კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, საქართველოში და სომხეთში. მათ შორის, მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების შესახებ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმძღვანელო განკუთვნილია არაბრიტანული კომპანიებისთვის და იძლევა ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სანქციების შესახებ, რომლებიც ვრცელდება დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ მოქმედ არაბრიტანულ ბიზნესებზე. სახელმძღვანელო განსაზღვრავს დიდი ბრიტანეთის სანქციების ფარგლებს და მოთხოვნებს და ასახავს შეუსრულებლობის რისკებს არაბრიტანული ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი საქმიანობენ დიდ ბრიტანეთთან. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე.
ამასთან, სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს სანქციების გვერდის ავლისთვის და აგრძელებს დასავლური სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სხვა კრიტიკული საქონლის, მათ შორის საბრძოლო ტექნოლოგიების, მესამე ქვეყნების მეშვეობით შეძენას. რუსეთი ეყრდნობა ისეთ ტაქტიკას, როგორიცაა არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტები, საქონლის საბოლოო დანიშნულების გაყალბება და პროფესიული თავის არიდების ქსელები.
სახელმძღვანელოს მიხედვით, საქართველოს კონტექსტში, ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
„საქართველოში მოქმედმა კომპანიამ შესაძლოა რუსი იმპორტიორისგან მიიღოს შეკვეთა იმ საქონლის შესახებ, რომელიც დიდი ბრიტანეთის სანქციებს ექვემდებარება. ამიტომ, მისი პირდაპირ დიდი ბრიტანეთიდან მიღება შეუძლებელია.
ქართული კომპანია საქონელს უკვეთავს დიდი ბრიტანეთის მიმწოდებლისგან, ისე, რომ არ აცნობებს მას ან სხვა დაინტერესებულ პირებს (როგორიცაა ბანკები, დამზღვევები, გადამზიდავები) რომ საქონლის საბოლოო მომხმარებელი რუსეთში იმყოფება.
დიდი ბრიტანეთის მიმწოდებელი ექსპორტს უწევს საქონელს ქართულ კომპანიაში, რომელიც ხელახლა ახორციელებს მის რუსეთში ექსპორტს“.
სახელმძღვანელოში ასევე აღნიშნულია რისკები, რომლებიც შესაძლოა ქართულ ბიზნესს დაემუქროს. კერძოდ:
„დიდ ბრიტანეთს შეუძლია დაგიწესოთ სანქციები პირდაპირ თქვენ, როგორც ფიზიკურ პირს, ან იმ სუბიექტებს, რომლებსაც თქვენ ფლობთ ან აკონტროლებთ, თუ ჩართული ხართ ისეთ საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.
მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოქცევამ შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს თქვენი ბიზნესისა და სხვა ფინანსური ოპერაციებისთვის.
დიდი ბრიტანეთის თითოეულმა ბანკმა და ბევრმა საერთაშორისო ბანკმა შეიძლება გაყინოს თქვენი ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ფლობთ და უარს იტყვიან თქვენთვის ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე.
თუ დიდი ბრიტანეთის კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ დაზღვევა ან გადაზიდვის/სატვირთო მომსახურება, ისინი ასევე უარს იტყვიან თქვენთან თანამშრომლობაზე, თუ თქვენ ან რომელიმე სხვა მხარე ან შესაბამისი საქონელი სანქცირებული იქნება."- წერია დოკუმენტში.
0
0