
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თუ დღევანდელი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ IRI მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, საინტერესოა, რას ფიქრობენ IRI-ის წინა კვლევებზე, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა?
„ამ მოვლენის გასაანალიზებლად, რადიკალების ქცევაზე 36-საათიანი მონიტორინგის დაწესება იყო საჭირო. ახლა კი „ხსნილია“. აქ განსაკუთრებით საყურადღებო თავად IRI-ის შედეგი კი არ არის, არამედ ის სისწრაფე, რომლითაც შეიცვალა დამოკიდებულება ამ ორგანიზაციის მიმართ. წლების განმავლობაში International Republican Institute-ის კვლევები ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური არგუმენტაციის მოსახერხებელ ინსტრუმენტს წარმოადგენდა: IRI-ის ციფრებს აქტიურად ციტირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლების მხარდაჭერის შემცირებაზე, ნდობის კრიზისზე ან ოპოზიციის მიმართ საზოგადოების მაღალი მოლოდინების შესახებ საუბრის საშუალებას იძლეოდა.
ახლა კი თითქმის საპირისპირო სურათი მივიღეთ: როგორც კი გამოქვეყნებული მაჩვენებლები მათთვის არასასურველი აღმოჩნდა, ეჭვქვეშ დადგა არა მხოლოდ ცალკეული მონაცემები, არამედ თავად ამ კვლევითი ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაც. ვიღებთ საკმაოდ საინტერესო მოცემულობას: IRI ობიექტურია მანამ, სანამ მისი ციფრები რადიკალებისთვის სასურველ პოლიტიკურ სურათს ადასტურებს, როგორც კი სურათი იცვლება, მოულოდნელად იცვლება თავად IRI-ის რეპუტაციაც.
განსაკუთრებით მკაფიოდ ეს იმიტომ ჩანს, რომ საქმე არ ეხება შემთხვევით აღმოცენებულ სოციოლოგიურ პროექტს, არამედ ორგანიზაციას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში სწორედ იმ წყაროს როლში არსებობდა, რომლის მონაცემებსაც ოპოზიციის წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური კომენტატორები ეყრდნობოდნენ. ამიტომ დღევანდელი რეაქცია უფრო ჰგავს არა კონკრეტულ ციფრებთან დავას, არამედ იმ ინსტრუმენტის მიმართ ნდობის კრიზისს, რომელიც ადრე სწორედ იმიტომ მიიჩნეოდა სანდოდ, რომ დამოუკიდებლად აღიქმებოდა.
თუ კვლევას მართლაც მეთოდოლოგიური ხარვეზები აქვს, მაშინ სრულიად ნორმალურია შესაბამისი პრეტენზიების წაყენება: შერჩევა, კითხვების ფორმულირება, საველე სამუშაოები, კვლევის ჩატარების თარიღები, სტატისტიკური ცდომილება, მონაცემთა დათვლის მეთოდი. მაგრამ ასეთმა პრეტენზიებმა თანაბრად უნდა იმუშაოს იმის მიუხედავად, ვისთვის არის შედეგი ხელსაყრელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე უკვე სოციოლოგიურ კვლევაზე მეცნიერულ დისკუსიასთან კი არა, პოლიტიკურ პრინციპთან გვაქვს: „სწორი კვლევა ის არის, რომელიც ჩვენთვის სასურველ შედეგს ასახავს“.
და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. თუ დღევანდელი ოპოზიცია ნამდვილად მიიჩნევს, რომ IRI იტყუება, მანიპულირებს ან დეზინფორმაციას ავრცელებს, სრულიად ბუნებრივი კითხვა ჩნდება: მაშინ რა ვუყოთ IRI-ის წინა კვლევებს, რომლებსაც თავად ოპოზიცია ეყრდნობოდა? შეუძლებელია ერთი და იგივე წყარო გუშინ ობიექტურობის ეტალონად მიიჩნიო, დღეს კი დეზინფორმაციის ინსტრუმენტად გამოაცხადო მხოლოდ იმიტომ, რომ რეიტინგის რომელიღაც ციფრი შეიცვალა.
ეს უკვე IRI-ის პრობლემა აღარ არის - ეს სოციოლოგიური მონაცემების პოლიტიკური მოხმარების კულტურის პრობლემაა. საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირება კვლევის გარშემო გაცილებით ფართო ისტორიად იქცევა: ოპოზიცია შესაძლოა უკვე თავად რეალობას ედავებოდეს და არა იმ რეიტინგებს, რომლებმაც ეს რეალობა მისთვის აჩვენა. ხოლო როდესაც პოლიტიკური ძალა სარკეს ყოველ ჯერზე მატყუარას უწოდებს, როცა მასში საკუთარი ანარეკლი არ მოსწონს, საკითხი თანდათან სარკის ხარისხიდან იმაზე გადადის, თუ რატომ გახდა ეს ანარეკლი ასეთი არასასიამოვნო. რუსებს აქვთ გენიალური ანდაზა: „неча на зеркало пенять - коль рожа крива…“ - წერს დავით ქართველიშვილი.
0
0