30/04/2026
19:04

პეტერ მადიარი უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებზე ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, – ამ სათაურით „ბლუმბერგი“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი, ვიდრე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოლაპარაკებებს დაამტკიცებს, უკრაინაში მცხოვრები უმცირესობებისთვის მეტი უფლებების მინიჭებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი 29 აპრილს ბრიუსელში, მადიარისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას შორის გამართულ შეხვედრაზე წამოიჭრა.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ევროკაშირი ზეწოლას ახდენს მადიარზე, უარი თქვას უნგრეთის მომავალი მთავრობის მიდგომაზე, რომელიც უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეწინააღმდეგება.
უნგრეთის პირობები დიდწილად იმეორებს მოთხოვნათა 11-პუნქტიან სიას, რომელიც ვიქტორ ორბანმა კიევს 2024 წელს წარუდგინა და რომელიც უკრაინაში უნგრული უმცირესობის უფლებებსა და უნგრულ ენაზე განათლების მიღებაზე წვდომას ეხებოდა.
წყაროების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მადიარმა კოშტასთან შეხვედრას „სასარგებლო და კონსტრუქციული“ უწოდა, განწყობა ნაკლებად პოზიტიური იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად განიხილა საკითხები.
„ბლუმბერგის“ თანახმად, მადიარის მკაცრი პოზიცია კიევსა და ბრიუსელს გაუცრუებს იმედს, რომ ვიქტორ ორბანის წასვლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს სტიმულს მისცემდა.
0
0