
"ეს სრული სიცრუეა - რუსული საინფორმაციო ომის ნაწილია." - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უარყო "ყველანაირი მცდელობა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის" თაობაზე.
"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მგრძნობიარე თემებია მოლდოვისთვის და საქართველოსთვის დნესტრისპირეთი და აფხაზეთი. გარდა ამისა, რა სამხედრო ინტერესი ან სარგებელი უნდა მიგვეღო აქედან? საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტი, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმე დღე გაძლებდა.
ნებისმიერი სერჟანტი გეტყვით ამას - ეს როგორ შეიძლება ჩვენი ინტერესის ნაწილი ყოფილიყო? სხვა რელიეფი, სხვა სამხედრო სტრატეგია, სხვა შეიარაღება.
ჩემს მინისტრობისას მსგავსი რამ რომ განხილულიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა. და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით – არ ყოფილა არცერთი მცდელობა, არანაირი ზეწოლა კიევის მხრიდან [საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე].
ეს არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკის ნაწილი.
ამის გარდა, მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რასაც ქართველები აკეთებენ და უკვე გააკეთეს უკრაინისთვის. უამრავი ქართველი იბრძვის უკრაინაში.
ჩემს საკუთარ ნათესავებს, რომლებიც რუსეთმა ლტოლვილებად აქცია, პირველ რიგში ბათუმში ჰქონდათ თავშესაფარი, სანამ პოლონეთში გადავიდოდნენ. ასე რომ, ქართველების გაწეულ დახმარებას ნამდვილად ვაფასებთ." - განაცხდა რეზნიკოვმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
0
0