
24 წლის შრილანკელ მიგრანტს „ფეისბუქზე“ განთავსებული პოსტის გამო საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
შრი ლანკის პრეზიდენტი, მედიასაშუალებები და სიკვდილმისჯილის ოჯახის წევრები საუდის არაბეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ანოიან სივარასა შეიწყალონ და სასიკვდილო განაჩენი პატიმრობით შეუცვალონ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სივარასა შრი ლანკიდან საუდის არაბეთში 2025 წლის სექტემბერში გადავიდა სამუშაოდ. როგორც ცნობილია, სოციალურ ქსელში მან ისლამისა და მუჰამედ წინასწარმეტყველის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელად მიჩნეული კომენტარი გააკეთა. ამასთან, მან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი ქააბის ტაძრის ფოტო გაავრცელა. მოგვიანებით სივარასას პოსტი არაბულად ითარგმნა და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ამის შემდეგ მან პოსტი წაშალა და „ფეისბუქზე“ ვიდეო განათავსა, სადაც ბოდიში მოიხადა, თუმცა ის 2026 წლის 2 ივლისს მაინც დააკავეს.
გამოცემა წერს, რომ ალ-აჰსას სისხლის სამართლის სასამართლომ თავდაპირველად მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით სამი მილიონი რიალის გადახდა დააკისრა. მოგვიანებით საუდის არაბეთის პროკურატურამ საქმე კიბერდანაშაულის კანონმდებლობიდან შარიათის სამართალზე გადაიტანა, სააპელაციო სასამართლომ კი სასჯელი სიკვდილით დასჯამდე გაამკაცრა. განაჩენი 17 სექტემბერს გამოიტანეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის არის დაგეგმილი პატიმრის სიკვდილით დასჯა.
0
0