
2024 წლის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები 12 244 127 ტონა სარკინიგზო ტვირთის მიმართ განხორციელდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს. ამასთან, შუა დერეფანის ფარგლებში, გადაზიდული ტვირთების/კონტეინერების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში სამი სარკინიგზო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, რაც შესაძლებლობას იძლევა მატარებლის შემადგენლობის შეჩერების გარეშე, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდეს სხვადასხვა დასახელების ტვირთის სკანირების პროცესი. აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მაგისტრალზე მდებარე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“ ტვირთნაკადის გატარების მოცულობით ერთ-ერთი დატვურთულია, სადაც საქონლის საქართველოს საბაჟო კონტროლზე აყვანის/ იდენტიფიცირების შემდეგ ავტომატურად მიმდინარეობს საბაჟო ფორმალობების აღსრულება და სატრანსპორტო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფორმაციის ანალიზით სრულდება ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე კომპანიების/ტვირთების მონიტორინგი მკაცრ კონტროლს ექვემდებარება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
0
0