
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, გენერალმა კობა კობალაძემ გაიხსენა, როგორ მოხდა მისი დაკავება.
„მუხროვანის სამხედრო ნაწილში ნამყოფიც არ ვარ. 2009 წლის 5 მაისს „რუსთავი 2“-ის და სხვა ჟურნალისტებისგან ზარი შემომივიდა, თქვენი ჩაწერა გვინდაო. თემა არ უთქვამთ. სახლში დავპატიჟე და უარი თქვეს სახლში ამოსვლაზე. „კინო საქართველოსთან“ ვცხოვრობ, ნაძალადევში. მაშინ იქნებ „კინო საქართველოსთან“ მობრძანდეთო. კარგით მეთქი, მოსარიდებელი რა მქონდა. მივედი, დამხვდნენ ჟურნალისტები, დამისვეს კითხვა და მეც ვაკვირდები ვითარებას, რადგან არასტანდარტული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად გზაზე საკმაოდ აქტიური მოძრაობაა, ამ ქუჩაზე ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ვდგავარ კომენტარზე, თან ფლანგზე ვიყურები, თან ჟურნალისტებს ვესაუბრები. წინა მხრიდან ვერტმფრენი ამოიწია, მარცხნიდან, დავინახე, რომ მანქანები გაჩერდნენ და ხიდან ხემდე ადამიანები გადმორბიან, განცდა მაქვს ისეთი, რომ ფილმს იღებენ. თურმე მე მიჭერენ. ჟურნალისტებს გამოაყვანინეს ჩემი თავი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
ე.წ. მუხროვანის ამბოხის სისხლის სამართლის საქმეზე საუბრისას კობალაძემ ასევე გაიხსენა, როგორ ჩაცხრილეს სამი სამხედრო პირი. კობალაძის თქმით, ისინი, სინამდვილეში, დამსახურებული, ღირსეული ადამიანები იყვნენ.
„ფასადური პიარი საკმაოდ ხელოვნების დონეზე ჰქონდათ აყვანილი. შემდეგ ვიღაცები იყვნენ ძებნილები, ვიღაცებზე სახელმწიფომ ჯილდო დააწესა. მე უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვარ, როდესაც ირკვევა, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გიორგი კრიალაშვილი დაიღუპა, ის დახვრიტეს, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე ჩაცხრილეს, მაგრამ ცოცხლები გადარჩნენ. გიორგი კრიალაშვილს, თუ არ ვცდები, სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ოთანაძეს ცხრა და ამირიძეს – რვა. ეტყობა, არ იყო ინტერესში მათი დაკავება – მიცვალებული არ საუბრობს. ღვთის ნებით, ეს ორი გადარჩა. გიორგი კრიალაშვილი იყო ერთ-ერთი დამსახურებული ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან გამომდინარე, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ჩვენ გვქონდა ურთიერთშეხება. უდიდესი პატივისცემით ვიყავი განწყობილი და ჩემზე მეტი თუ არა, ნაკლები დამსახურების არ იყო. ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, რომ გიორგი სამშობლოს წინააღმდეგ რამეში ყოფილიყო ჩართული. სამივეს ერთი და იმავე ტიპის ბრალდება ჰქონდა. რაც შეეხება ლევან ამირიძეს, ის დაჯილდოებულია 2008 წლის საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით. ის იყო ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის, ბატალიონის ხელმძღვანელი, რომელმაც, სტრატეგიული რუსული ბომბდამშენის მფრინავები ტყეში აიყვანა, გამოიყვანა და ჩააბარა – ერთი მკვდარი და მეორე ცოცხალი ჩააბარა საჩხერის პოლიციის ხელმძღვანელს. ის იყო დამსახურებული ადამიანი, პირველი სპეცდანიშნულების ბატალიონის სამშვიდობო მისიაში ჩართული. წარმოუდგენელი იყო, ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში ყოფილიყო ჩართული. ოთანაძესთან შეხება არ მქონია, მაგრამ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ღირსეული ხელმძღვანელი იყო, შემდეგ ციხეში დავახლოვდით და დავმეგობრდით. ეს იყო ის შემადგენლობა, რომელიც პირველად სამსხვერპლოზე გამოიტანეს, რომლებიც უნდა დაღუპულიყვნენ“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
კობა კობალაძის განცხადებით, ე.წ. მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით სასამართლოში გაჟღერდა, რომ საბრძოლო ტექნიკა იყო მოყვანილი საბრძოლო მზადყოფნაში.
მისივე თქმით, იმჟამად მართვის სადავეები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელში იყო.
„სამხედრო ნაწილი, მისი პირადი შემადგენლობა, სამხედროები ან ემზადებიან ომისთვის ან იბრძვიან. ეს არის პირდაპირი ფუნქცია. პროცესი დარღვეული არ ყოფილა. ყოველდღიური საჯარისო განწესიდან გამომდინარე, სამხედრო ნაწილში, შენაერთში სრულდებოდა გათვლილი ფუნქცია-მოვალეობები. მართვის რაღაც განსაკუთრებული პირობები არ იყო შემოღებული. ბრალდების მხარის მოწმეს, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს როდესაც ვკითხე, რის გამო ჩათვალა, რომ სამხედრო ნაწილი დაუმორჩილებლობის რელსებზე იყო გადასული, თქვა, რომ ეს იყო მისი ვარაუდი. ვკითხე, თუ ამას ვარაუდობდით, მაშინ ხელმძღვანელობა რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში-მეთქი. სასამართლო პროცესზე ირკვევა, რომ პარალელური უწყების, შსს-ის ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ემისრად ამუშავებს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, თავისი დირექტივები მიაწოდოს სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილიდან გამოიტანოს დირექტივები. დანარჩენი ვერტიკალი სამხედრო ხელმძღვანელობის გენერალური შტაბის უფროსის თამადობით, საქმის კურსში არ არის, რა და როგორ ხდება. მათ შეფუთეს ის, რომ რაღაცა წინააღმდეგობა არის“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
კობა კობალაძეს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კითხვა დაუსვა: „ვინაიდან თანამებრძოლები ჯერ კიდევ არ იყვნენ გადმოსვენებული ან დღემდეც უგზო-უკვლოდ არიან დაკარგული და ამ დროს მიიწვიეს, მობრძანდი, 26 მაისს გარკვეულ პიარულ ღონისძიებაში მიიღე მონაწილეობაო, ოფიცრებმა ამასთან დაკავშირებით დასვეს კითხვები და ამას დაერქვა ამბოხი?“, რაზეც კობალაძემ აღნიშნა:
„ვერ გეტყვით, რომ კითხვები დასვეს, უბრალოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო თანამებრძოლებთან ერთად. როცა თანამებრძოლების გზა-კვალი ჯერ კიდევ არ ვიცით და პასუხგაუცემელია, რამდენად გვაქვს მორალური მზაობა, პირადი შემადგენლობა დავაყენოთ მწკრივში, ჩავუდგეთ სათავეშიო“.
წულუკიანმა კობა კობალაძეს მიმართა: „ეს აღიქვა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ წინააღმდეგობად?“, რაზეც კობალაძემ განაცხადა: „სხვა განცდა არ მქონია“.
0
0
თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს
12/06/2025