
2007 წელს გიორგი ნემსაძემ მოიგო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები. მეგობრებთან ერთად შევედით კაფეში, ნახევარ საათში ტელევიზიით მოვისმინეთ, რომ გიორგი ნემსაძე აპირებს გადადგომას. ყველანი მივხვდით, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ უეფას მედიაოფიცერმა, ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ არჩეული პრეზიდენტი გადამდგარიყოს და ხელმძღვანელობა ჩარეულიყო.
„2007 წელს ჩამოვედი საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. გავიგე, რომ ჩვენი მეგობარი და ჩვენი ნაკრების კაპიტანი, გიორგი ნემსაძეც იყრიდა კენჭს. იყო მესამე კანდიდატურაც, ნოდარ ახალკაცი უმცროსი. დავიწყე სიარული ჩემს მეგობრებთან, რომლებსაც ხმის უფლება ჰქონდათ, თუმცა რაღაც გაუცხოებისმაგვარი ვიგრძენი. იყო რამდენიმე ხმის დაპირება, რომელიც არჩევნებზე განულდა. ზუსტად ვიცი, მაშინდელი პრეზიდენტის, სააკაშვილის მხრიდან იყო დავალება, რომ ჩემთვის არცერთი ხმა არ მოეცათ. უკან არ დამიხევია, მაინც ვაპირებდი ყრილობაზე მისვლას და სიმართლის თქმას, თუმცა ვგრძნობდი, ხმას ვერავინ მომცემდა, რადგან წინა ღამეს ორ ამომრჩეველს ვესაუბრე, რომლებმაც მაჩვენეს ტელეფონი, რომ დანარეკები იყო ზემდგომი ორგანოებიდან. გიორგიმ ძალიან იბრძოლა, სერიოზული ჯგუფი ეხმარებოდა და მოიგო არჩევნები. არჩევნების შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. გიორგის სიტყვა იყო, უშენოდ ვერ წარმომიდგენია ქართული ფეხბურთის ფედერაცია, შენც ჩემ გვერდით უნდა იყოო. ვნახოთ-მეთქი და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მეგობრებთან ერთად შევედით ერთ-ერთ კაფეში, ნახევარ საათში მოვისმინეთ ტელევიზიით, რომ გიორგი ნემსაძე, რომელმაც არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო, აპირებს გადადგომას. ყველანი მივხვდით, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. დედამიწაზე არცერთ ფედერაციაში არ მომხდარა მსგავსი რამ, პრეცედენტი არ ყოფილა ასეთი, რომ არჩეული პრეზიდენტი გადამდგარიყოს და ხელმძღვანელობა ჩარეულიყო. უკვე როგორც ჟურნალისტმა, დავიწყე პრესით, რადიოთი, პირდაპირ ეთერებში გამოსვლა და პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის დასახელება. წავიდა სერიოზული ოპოზიციური მოძრაობები, დიდი დემონსტრაციები. ვშიმშილობდი კიდეც პარლამენტის წინ, კარავში“, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.
მამუკა კვარაცხელიას კომისიის წევრმა, ილია ინჯიამ მიმართა: „ახესენეთ, რომ საარჩევნო პერიოდში შეხვდით მეგობრებს, რომლებიც გიჭერდნენ მხარს და გაჩვენეს დანარეკები, ვისი დარეკილი იყო, ვინ იყო კონტაქტზე მათთან?“, რაზეც მამუკა კვარაცხელიამ აღნიშნა:
„შრიფტით იყო დარეკილი, არ უთქვამს გვარი, ვინ დაურეკა. დაურეკეს იმ ორგანოებიდან, რომლებიც კურირებდნენ ქვეყანას და არჩევნებს. უშიშროება კურირებდა ფედერაციის არჩევნებს, რადგან მიშას დავალებული იყო“.
ამასთან, კომისიის სხდომაზე მამუკა კვარაცხელიამ გაიხსენა მისი გატაცება და აღნიშნა, რომ ნიღბიანმა პირებმა ის აიყვანეს თბილისის ზღვაზე და სცემეს.
მამუკა კვარაცხელიამ ასევე გაიხსენა მამიდაშვილთან ერთ-ერთი საუბარი და აღნიშნა, რატომ გახდა იძულებული, დანიაში წასულიყო.
„ჩემი ალალი მამიდაშვილი, რომელიც წალენჯიხის რაიონიდან, სოფელი საჩინოდან იყო, ხშირად მსტუმრობდა. ჩემთან მოვიდა, მოულოდნელი ვიზიტი იყო, სახეც შეშლილი ჰქონდა. რა მოგივიდა-მეთქი, ვკითხე. დამიჭირეს, მტკვრის სანაპიროსთან ამიყვანეს, ჩამსვეს მანქანაში, მობილური მტკვარში გადააგდეს, წამიყვანეს, შემამოწმეს, ნარკომანი ხომ არ არისო და ვინც მამოწმებდა, მათ ეუბნებოდნენ, ჩაწერეთო. ისინი გადაირივნენ, კაცს არაფერი აქვს და როგორ ჩავწეროთ, რომ ნარკომანია. არ ვუცემივარ, მაგრამ მამუშავებდნენ, რაღაცებს მეუბნებოდნენო. ერთ-ერთ სამმართველოში წამიყვანეს, სარდაფში ჩამიყვანეს და მითხრეს, ვიცით, შენი ბიძაშვილი რომ არის მამუკა კვარაცხელია, ვიცით, რომ შიმშილობდა და შენც ხშირად სტუმრობდიო. მაჩვენეს ჩემს ოჯახზე გადაღებული ფილმი – ჩემი მეუღლე როგორ და სად აყენებდა მანქანას, დედაჩემი პურის რომელ მაღაზიაში მიდიოდა, ჩემი ძმისშვილი ჩემს რძალს რომელ ბაღში მიჰყავდა და მითხრეს, გადაეცი კვარაცხელიას, თუ არ გაჩერდება, ყველაფერი ვიცით მასზეო. იმ დღის შემდეგ, გესმით, რაც მომივიდოდა. ჩემი თავი ჯანდაბას, ოჯახის წევრებისთვის რომ რამე არ დაეშავებინათ, მეორე თუ მესამე დღეს დანიაში წავედი. იქ დიდი სამეგობრო მყავს, ერთ-ერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ და მეგობრებთან ჩავედი, სხვა გზა არ მქონდა“, – განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.
0
0