ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი და ძლიერ გზავნილი, რომ საქართველო ნატო-ს ღირებული და საიმედო პარტნიორია.
„გენერალური მდივნის ვიზიტი არის ძალიან ძლიერი გზავნილი, ეს არის ის აღიარება, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ღირებული და სანდო პარტნიორია. ეს სწორედ გამოხატულებაა იმის, რომ ეს ნდობა და აღიარება თავად ალიანსისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, მოიტანს დამატებით აქტივობებს, დამატებით ჩართულობას“, - აღნიშნა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გამართული შეხვედრა გაიხსენა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ბრიუსელში უკვე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დისკუსიები, მათ შორის ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაღრმაოთ ურთიერთობები. ბუნებრივია, ნებისმიერი ახალი შესაძლებლობა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ვისაუბროთ ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0