
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთში „რენესანსი“ მოხდება.
მისი თქმით, ულტრამემარჯვენეები თუ გაიმარჯვებენ, ქვეყანას უფრო მეტი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და კრეატიულობა ელოდება.
„რენესანსი არის ნება, რომ ჩვენი ისტორიიდან გამოვიტანოთ მასალები, ღირებულებები, პრინციპები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მომავალი, ჩვენი მომავალი. ეს არის ამბიცია, რომ მომავალი დრო პოლიტიკური, ეკონომიკური, მხატვრული, არქიტექტურული და ლიტერატურული შემოქმედების ახალ ეპოქად ვაქციოთ. რენესანსის მსგავსად, ის, რასაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვთავაზობთ, არ არის წარსულში დაბრუნება, არამედ ახალი ეპოქის, თავისუფლების ეპოქის, შემოქმედებითი სიცოცხლისუნარიანობის ეპოქის დადგომა, რათა საფრანგეთი სრულად ინტეგრირდეს მესამე ათასწლეულში, აღდგეს მისი ძალაუფლება, მისი სიდიადე და გავლენა“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
ორლეანში, „ეროვნული გაერთიანების“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ლე პენმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი მოტივაცია საფრანგეთის აღდგენა და ფრანგი ხალხის ბედნიერებაა. ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ პირობას დებს, საფრანგეთის მმართველობის წესში ცვლილებებს შეიტანს და რეფერენდუმებისა და პროპორციული წარმომადგენლობის უფრო ფართოდ გამოყენებას დაუჭერს მხარს.
„ძალაუფლება თუ გვინდა, ეს ჩვენთვის კი არა, ხალხისთვის უნდა იყოს“, – განაცხადა ლე პენმა.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას მარინ ლე პენმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს „მშვიდობის ერად“ აქცევს და უარს იტყვის „ომებზე, რომლებიც საფრანგეთის არ არის“. ამასთან, ლე პენმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის კონსტიტუციაზე მაღლა ვერაფერი დადგება.
„ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი კონსტიტუციის სრული ღირებულება და ძალა, მისი, როგორც ფრანგი ხალხის ფუნდამენტური კანონის აღდგენით. არცერთი ტექსტი, არცერთი უფლებამოსილება და, რა თქმა უნდა, არცერთი უცხოური, თუნდაც ევროპული, არ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა. საფრანგეთის მოქალაქეობა კვლავ გახდება მემკვიდრეობით მიღებული ან მოპოვებული პრივილეგია, რომელსაც ყველა მოქალაქისთვის, მათი წარმომავლობის, კანის ფერის ან რელიგიის მიუხედავად, მიენიჭება ახალი უფლება – ეროვნული პრიორიტეტი“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
0
0