
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში.
გარდა ამისა, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებს.
"ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სულისკვეთებას და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვქმნით „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“. რეესტრში შეყვანილი იქნება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში.
მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული ურთიერთობისთვის შექმნილი მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არსებულ იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს შეუჩერდეთ საპარლამენტო დელეგაციის წევრობა, მათ შორის: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA), დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის საპარლამენტო ასამბლეის (GUAM PA), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის.
მოვუწოდებთ საქართველოში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ქვეყნების საელჩოებს, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები და აეკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაადგილება.
მივმართავთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებს, “საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრში” შეყვანილ პირებს შეეზღუდოთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლება, მათ შორის გაუუქმდეთ არსებული ანგარიშები და აეკრძალოთ ახალი საბანკო ანგარიშების გახსნა“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026