ინდოეთში, ქალაქ ვიკარაბადში, პოლიციის თანამშრომლებმა 40 წლის მამაკაცი, დღიური მუშა, სავარაუდოდ, „გარდაცვლილი“ ნახეს. მათი თქმით, უცნობი ადამიანის დასახიჩრებული ცხედარი რკინიგზის სადგურის ლიანდაგზე მობილურ ტელეფონთან ერთად იპოვეს და ინციდენტის შესახებ მის ოჯახის წევრებს აცნობეს. ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ „გარდაცვლილი“ მამაკაცი პ. იელაპა იყო.
გაკვეთის შემდეგ, ცხედარი ოჯახის წევრებს დაუბრუნეს და სოფელში გადაასვენეს. როდესაც ოჯახი და ახლობლები დაკრძალვის ცერემონიისთვის ემზადებოდნენ, მათ სოფლის მაცხოვრებლებმა აცნობეს, რომ ქალაქ ტანდურში, იელაპა ცოცხალი ნახეს. მოგვიანებით, ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ იელაპა უკვე საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებით, აღნიშნული „გაუგებრობა“ გარდაცვლილის ვინაობის გადაუმოწმებლობამ გამოიწვია. რკინიგზის სადგურში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც პ. იელაპამ პოლიციას განუცხადა, როდესაც მას ავტობუსის გაჩერებაზე ჩაეძინა, დაუდგენელმა პირმა მისი ტელეფონი მოიპარა. რაც შეეხება არაიდენტიფიცირებულ მამაკაცს, პოლიციის თქმით, რკინიგზის სადგურზე, ლიანდაგზე გადასვლისას მას მატარებელი დაეჯახა. ინციდენტთან დაკავშირებით, შემდგომი გამოძიება მიმდინარეობს.
0
0