"როცა კეზერაშვილი უკვეთავს პოლიტიკას, კეზერაშვილი უკვეთავს მედიის დღის წესრიგს, კეზერაშვილი ქირაობს სცენას და დაქირავებულ აქტივისტებს აჯღავლებს, კეზერაშვილი წერს სოციოლოგიურ კვლევას...
შედეგად კლოუნი ხაბეიშვილი წარმოიქმნება და ხამი კეზერაშვილი სტატუს კვო მონსტრთან კი არა, საკუთარ მეგობრებთანაც ფარჩაკდება. შედეგიც არ იდება," - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ სპექტრს აკრიტიკებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილებას კვლავ იწონებს:
"მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს...“
ეს რუსთაველია - შრომის დანაწილების იდეაზე წერს შუა საუკუნეებში, ინდუსტრიალიზაციამდე.
რუსთაველში ის პლატონის გავლენით ხვდება - „რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს...“ - წინასწარ განსაზღვრულ ბედს უქვემდებარებს.
უფრო მოგვიანებით, ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დასაწყისში, ადამ სმიტი უკვე ბედს კი არ უქვემდებარებს, არამედ თავისუფალ კონკურენციას უმორჩილებს - დინამიკურს, მოძრავს ხდის - ეკონომიკურ პროგრესთან ერთად.
მაგრამ რუსთაველსა და ადამ სმიტს შორის განსხვავება ამ პოსტისთვის უმნიშვნელოა, მხოლოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ შრომის და ფუნქციების დანაწილება, ჩვენი ეროვნული კულტურის ნაწილია და ამ იდეის გამობრწყინებაც ჩვენს ოქროს ხანას უკავშირდება, ჩვენთვის ეს ეროვნულია.
რატომ ვყვები ამას?
მინდა რომ სისტემის და სისტემაში ფუნქციების დანაწილების მნიშვნელობა ავხსნა.
იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სისტემამ ხალხის სასიკეთოდ იმუშაოს, საჭიროა ამ სისტემის რგოლებმა საკუთარი ფუნქციები შეასრულონ.
აქტივისტი - აქტივისტობდეს!
მედია - მედიობდეს!
პოლიტიკოსი - პოლიტიკოსობდეს!
სასამართლო - სასამართლობდეს!
პრეზიდენტი - პრეზიდენტობდეს!
როცა სისტემის რგოლები მუშაობს, რომელიმე რგოლი რომც ჩავარდეს, სისტემას მაინც აქვს თვითგამოსწორების რესურსი, სულ რომ ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში მყოფ სუბიექტებს ეხებოდეს.
ლაზარეზე შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ დავდეთ.
მე ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს ჩემს შესაძლებლობებზე.
მართლა.
დილას რომ ვდგები, იმ განწყობით ვდგები რომ შემიძლია მთა გადავდგა.
მაგრამ, მე ვერაფერს შევძლებ საერთო შედეგში, თუ სისტემის სხვა რგოლებმაც არ იმუშავეს.
სხვა რგოლების მუშაობა ნიშნავს, ამ რგოლების მიერ მათი, კონკრეტულად მათი საქმის კეთებას.
ანუ რა მოხდა ლაზარეზე:
📍 ევროპული საქართველო და თავისუფლების ინსტიტუტი თემას ჩააფრინდა და არ მოეშვა - ყველაფერი დეტალურად გაშიფრა, გამოამზეურა რომ უდანაშაულო კაცი ზის ციხეში. (ამ საქმეში ჩვენ არაერთი წესიერი ადამიანი გვედგა გვერდში - ბენდები, კლუბები, აქტივისტები).
📍 ერთი (მხოლოდ ერთი) ტელევიზია, ტვ პირველი, კარგად მოიქცა და ლაზარეს უდანაშაულობის დამამტკიცებელი ფილმი ეთერში გაუშვა და თანაც - არაერთხელ.
📍 პრეზიდენტი სწორად მოიქცა და რაც ევალებოდა გააკეთა - სამართლიანობა უზრუნველყო, როცა ნახა რომ სამართალი სასამართლომ ფეხზე დაიკიდა.
შედეგი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაიდო, რომ სისტემურად სწორად იმუშავა რამდენიმე რგოლმა და ის რაც სასამართლომ ჩააგდო, პრეზიდენტმა თავის თავზე აიღო.
არც მე მევასება სალომე ზურაბიშვილი.
არც იმას ვევასები.
მაგრამ ჩვენ არ დაგვჭირვებია ერთმანეთის დავასება იმისთვის, რომ ჩვენ-ჩვენი ფუნქცია შეგვესრულებინა და ხალხისთვის სასიკეთო შედეგი დაგვედო იმით, რომ უბრალოდ ჩვენი ფუნქცია შევასრულეთ - ჩვენ მიწყვივ ვიმუშაკეთ და პრეზიდენტმა "იგულოვნა"!
🔴 ამიტომ მიმაჩნია, რომ სანამ ოპოზიციური პოლიტიკის კეთების უმახინჯესი სისტემა არ ჩამოინგრევა და აღიგვება მიწისგან - ბიძინა გაიმარჯვებს.
როცა მიშა სააკაშვილი უკვეთავს პოლიტიკას, უკვეთავს რა ქნას მედიამ, უკვეთავს რა ქნან აქტივისტებმა, რა დაიწეროს სოციოლოგიურ კვლევებში .... თავკომბალა და მყრალი მონსტრი წარმოიქმნებაა, რომელიც სტატუს-კვო მონსტრთან ფარჩაკდება.
შედეგი არ იდება იმიტომ, რომ მუშა მიწყივ არ მუშაკობს და მეომარი არ გულოვნობს!
როცა კეზერაშვილი უკვეთავს პოლიტიკას, კეზერაშვილის უკვეთავს მედიის დღის წესრიგს, კეზერაშვილი ქირაობს სცენას და დაქირავებულ აქტივისტებს აჯღავლებს, კეზერაშვილი წერს სოციოლოგიურ კვლევას...
შედეგად კლოუნი ხაბეიშვილი წარმოიქმნება და ხამი კეზერაშვილი სტატუს კვო მონსტრთან კი არა, საკუთარ მეგობრებთანაც ფარჩაკდება.
შედეგი არ იდება, იმიტომ რომ მუშა მიწყივ არ მუშაკობს და მეომარი არ გულოვნობს!
ამის ცოდნა არ მოეთხოვება რიგით მოქალაქეს.
ამის ცოდნა მოეთხოვება პოლიტიკურ ელიტას.
მაგრამ რა პოლიტიკურ ელიტაზე ვსაუბრობთ, როცა ოპოზიციურ პოლიტიკას უმეცარი, მყრალი ლუზერები ძალმომრეობით და შანტაჟით მართავენ, რომელთათვისაც უმაღლესი განათლების დიპლომები, მხოლოდ საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსის კომპრესია, მინიმალური განათლება არ გააჩნიათ, და თუ გააჩნიათ, ისეთი სუსტი ნებისყოფა აქვთ - პირველივე სირთულისას ავიწყდებათ, რაც ისწავლეს." - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
0
0