
ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, რომელიც დიღმის იზოლატორთან იმყოფება, ამბობს, რომ გლდანში მომხდარ თავდასხმაში მთავარი პირი კახა კალაძეა.
მისი თქმით, ამ 40-მდე ახალგაზრდას, ბრძანება ზემოდან რომ არ მიეღოთ, თავში აზრადაც არ მოუვიდოდათ ამის გაკეთება.
"კაცს მიუვარდნენ სახლში, ჩაულეწეს ცხვირ-პირი. მერე ნიკა და მეგობრები მივიდნენ და დაუდგნენ გვერდში მეგობარს. ეს მთავრობის ხელწერაა. ამ 11 წელიწადში ეს ახალგაზრდა ნარკომანები მოაძლიერეს, კვებეს კარგად, არიან დაგეშილები. ახლა ეს ამ ბიჭებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, ზემოდან რომ არ ყოფილიყო ბრძანება გაცემული. კახა კალაძეა აქ მთავარი ამ ყველაფერში, ბატკანივით რომ მოაქვს თავი. მაგალითი აჩვენოს, დასაჯოს ესენი და ყველაფერი მოწესრიგდება", - ამბობს ანზორ მელია.
ცნობისთვის დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა.
ინფორმაციისთვის, გუშინ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ.
მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.
შსს-მ ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.
0
0
ყაზახეთში ლგბტ პროპაგანდა აკრძალეს
30/12/2025