
„ჩვენ ახლა გვაქვს პროცესი, სადაც ადამიანები გამოხატავენ ემოციას, მაგრამ არაფერი არ ხდება პოლიტიკურ სპექტრში. ჩვენ ხომ უნდა ვუთხრათ ადამიანებს - მშვიდობიანი აქციაა, თუ რევოლუცია გვინდა?“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, აქციებს აკლია ორგანიზებულობა.
მისივე შეფასებით, თუ რევოლუციას არ აწყობ, არავის არ უნდა უთხრა, „დაამტვრიოს, გადაძვრეს სადღაც და ჩაიდინოს დარღვევები“.
„ემოციები არის საკმარისზე მეტი, თუმცა, არსებობს ამის მეორე მხარე. როდესაც ერთ მხარეს არის ემოციები, მეორე მხრიდან უნდა მუშაობდეს გონება და ვიღაცა ტვინით ფიქრობდეს. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ „ქართული ოცნების მხრიდან“ სულელები ზიან და არ ფიქრობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართონ ეს პროცესი და ოპოზიციის მხრიდან ვერ ვხედავ, რომ რაიმე ტიპის მართვის დახვეწაზე ჰქონდეთ პრეტენზია.
ჩემი აზრით, საჭიროა, რომ აქციაზე მოსულმა ხალხმა, იცოდეს, რაზე მოდიან. ჩვენ ახლა გვაქვს პროცესი, სადაც ადამიანები გამოხატავენ ემოციას, მაგრამ არაფერი არ ხდება პოლიტიკურ სპექტრში. ანუ, ფიზიკურად არ ხდება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვეუბნებით ამ ახალგაზრდებს. ჩვენ ხომ უნდა ვუთხრათ ადამიანებს - მშვიდობიანი აქციაა, თუ რევოლუცია გვინდა, ეს ხომ უნდა ვუთხრათ? მაგალითად, ბავშვები წამოვიყვანო თუ არა აქციაზე, ხომ უნდა ვიცოდე? ხომ უნდა ვუთხრა, დღეს რამის პიკეტირებას ვაკეთებ, არ ვაკეთებ, უბრალოდ ვცეკვავ, ორთაჭალისკენ მივდივარ, ვაკეს ვაღვიძებ თუ გმირთა მოედნისკენ მივდივარ და ამას რატომ ვაკეთებ.
ადამიანები იღლებიან, ბრაზი გადადის ამ ყველაფერში, აღიზიანებ მოსახლეობას, ანუ, ისეთი რაღაცები ხდება, რომელიც თუ გაგეწელა და შენ თუ არ გაქვს დაგეგმილი, თვითონ გაზიანებს და შენ თუ გიჟი არ ხარ, ხომ უნდა ცადო, რომ ეს რაღაცა ისე დაამენეჯმენტო, რომ მაგალითისთვის, არ დაიჭირონ ახალგაზრდები.
განგაშია ასატეხი იმაზე, თუ როგორ ექცევიან ახალგაზრდებს, ოღონდ, ახალგაზრდებს ცუდად ექცევიან ორივე მხრიდან. შენ როდესაც 30 კაცს გიჭერენ ერთ აქციაზე, შენ არ უნდა თქვა, რომ ჩემი აქცია მშვიდობიანი იყო და არავის არაფერი არ დაუშავებია, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ადმინისტრაციული გადაცდენა არ ყოფილა, ამიტომ, გამოუშვით ახლა 30-ვე კაცი, თორემ მოვალ და ამ მიტინგს იქ მოვაწყობ, სადაც ეს 30 კაცია დამწყვდეული და ლეგიტიმურად გამოვიყვან ამ ხალხს გარეთ - თუ ყველა ეცოდინება, რომ ეს ხალხი უდანაშაულოა, მაგრამ შენ უნდა იყო პასუხისმგებელი ამათ უდანაშაულობაზე, წინ უნდა ედგე ამ ხალხს და უნდა იცოდე, რომ თუ ვინმე ერთს იჭერენ, ყველა ერთად ვეფარებით და არავის არ ვაჭერინებთ, მაგრამ არავის არ ვეუბნებით, დაამტვრიოს, გადაძვრეს სადღაც და ჩაიდინოს დარღვევები, თუ რევოლუციას არ ვაწყობ. მე არ ვაკეთებ აქციის დისკრედიტაციას, ამ აქციის დისკრედიტაციას, ჩემი აზრით, ახდენენ მისი ორგანიზატორები და ეს დაუშვებელია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ tv პირველის ეთერში.
0
0