
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს, საბა ლაზიშვილს, აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის (RAF) სადებიუტო ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს და მომავალ წარმატებებს უსურვებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც რექტორის მილოცვაშია აღნიშნული, ლეგენდარული ამერიკელი მებრძოლის, ურაია ფეიბერის, ანგარიშით 12:7 დამარცხება საბა ლაზიშვილისთვის განსაკუთრებული სპორტული მიღწევაა, რომელიც მისი პროფესიონალიზმის, შეუპოვრობისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის გამოხატულებაა.
„საბა ლაზიშვილს ვულოცავ ამ გამორჩეულ სპორტულ მიღწევას! მისი გამარჯვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის დიდი სიხარულის საფუძველია. ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარება და საკუთარი პოტენციალის რეალიზება როგორც სპორტულ, ისე აკადემიურ ასპარეზზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ჩვენი სტუდენტები ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საერთაშორისო არენაზე და საკუთარი მაგალითით ადასტურებენ, რომ ცოდნა, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და ძლიერი ნებისყოფა წარმატების მთავარი საწინდარია.
სპორტული მიღწევები და აკადემიური განათლება ერთმანეთს ავსებს, ხოლო მიზანდასახულობა და ცოდნის მუდმივი გაღრმავების სურვილი ახალგაზრდის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მით უფრო საგულისხმოა, რომ საბა ლაზიშვილმა პროფესიად ინფორმატიკისა და მართვის სისტემები აირჩია - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი დარგი, რომელიც მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს.
საბა, გისურვებ ახალ გამარჯვებებს, პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების განხორციელებას. მჯერა, ეს შთამბეჭდავი გამარჯვება შენი წარმატებული სპორტული გზის მხოლოდ დასაწყისია. ვამაყობთ შენით და გისურვებ საქართველოს სახელის კიდევ მრავალჯერ ღირსეულად წარმოჩენას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
0
0