
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) აცხადებს, რომ „ნიღბების ჩამოხსნის“ პროცესი დაიწყო.
როგორც მეუფე იობმა ქადაგებისას განაცხადა, ვინ ვინ არის გამოჩნდა, ასევე, ყველას რეალური სახე გამოჩნდება.
„ჩვენ ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, უკვე ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო. ვინ ვინ არის, უკვე გამოჩნდა. „არ არს დამალული, რომელიც საცნაურ არ იყოს“, არ არის საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდეს. ამ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ეს ასე აუცილებლად მოხდება. ყველა გამოჩნდება ვინ, ვინ არის. ეს კარგი არის. ბურუსში ყოფნა ძალიან რთულია, როცა ვერ არჩევ, ვერ განისაზღვრება ვინ არის შენ გვერდში. შეიძლება ახლობელი იყოს და „აი, თურმე უბეში გველი მყოლია“ - ასე თქვა. დადგება სულიწმიდის მადლით, ის დრო, როდესაც ყველა ნიღაბს ჩამოიხსნის და ისეთი, როგორიც არის...
თუ ჩვენ უფალს ვეკუთვნით, უფლის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამშობლოს ერთგულები უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს. ამ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველა ვალდებულია, სასულიერო პირი იქნება, ერის ადამიანი იქნება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მცირერიცხოვანი ერი ვართ. და გვიყვარდეს ერთმანეთი“, - აცხადებს მეუფე იობი.
მისი თქმით, „საქართველო გაბრწყინდება“.
„ჩვენ ერს სხვა მისია აკისრია, ჩვენ ვართ ქვეყანა, ის ეკლესია, რომელიც მწვალებლობაში არასდროს არ ჩავარდნილა. იოანე ეპისკოპოსი, როდესაც მთელ ადგილობრივ ეკლესიებში ხატბრძოლობის მწვალებლობა მძვინვარედა, ჩამოვიდა საქართველოში და სვეტიცხოველში მიიღო ეპისკოპოსის ხარისხი. ჩვენ ეს ერი ვართ და ეკლესია ვართ. ჩვენ კი არ უნდა მიგვითითონ, პირიქით, ჩვენ უნდა ვამხილოთ თუ სხვა ეკლესიებში დარღვევა იქნება, მართლმადიდებლობიდან გადახვევა იქნება. ჩვენ მამხილებელი ეკლესია უნდა ვიყოთ - მამხილებელი. ამიტომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - განაცხადა მეუფე იობმა.
მეუფე იობმა საკუთარ ქადაგებაში მრევლს მხნეობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა გავმხნევდეთ, ჩვენ არ ვართ ხელწამოსაკრავი ერი. ჩვენ ვართ საზეპურო ერი. ჩვენ ვართ რჩეული ერი. ეს რჩეულობა უნდა შევინარჩუნოთ მართლმადიდებლობით. ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვით", -დასძინა მიტროპოლიტმა.
0
0