
ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – აღნიშნულის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ნეიროქირურგმა, ივანე ავაზაშვილმა განაცხადა.
„შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შემავალი გამჭოლი ჭრილობა საფეთქელ-კეფის არეში. პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციოში, ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად. მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე“, – განაცხადა ივანე ავაზაშვილმა.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა გუშინ, ღამით მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ბრალდებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული კაცისა და მოკლულის, ვერონიკა ქუმსიაშვილის არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ. საქმის ოქროს მოწმეა ერთი პირი, რომელიც სროლის დროს ტუალეტში იყო ჩაკეტილი.
ადგილობრივების თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გარდაცვლილის შვილები განწირული ხმით ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბაჩანა კვარაცხელია აცხადებს, რომ გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას.
0
0