
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ საპროტესტო აქციების დაანონსებას, ამავე პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა სრულიად მიუღებელია, რადგან მოლოდინი სულ სხვა ჰქონდა.
სოფო ჯაფარიძის თქმით, დღეს პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.
ამასთან, ჯაფარიძე ამბობს, რომ არც დღეს გამართული აქცია მიაჩნია ნორმალურად.
„დღეს ის გეგმა, რაც მოვისმინე, სრულიად მიუღებელია. ჩვენ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთ და ორ დღეს დაგვაცდის, შეუიარაღებული თვალითაც კი ყველამ ვნახეთ თუ როგორი დაუძლურებულია ის.
ჩვენ ვიცით მისი დიაგნოზები. მე მიმაჩნია, რომ დღეს არ არის იმის დრო მცირე, ნელ-ნელა, სხვადასხვა ქალაქებში პატარ-პატარა პროცესების და აქციების დრო. ჩვენი ამჟამინდელი თავმჯდომარე დაგვპირდა რომ მასშტაბური აქციები იქნებოდა, თუ საჭირო იქნებოდა ფიზიკურად დაიხსნიდა მიხეილ სააკაშვილს.
არ გეგონოთ რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვსაუბრობ, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ყველას, მაგრამ ჩემთვის დღეს პრიორიტეტი არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მე არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი აქცია ნორმალური იყო“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს სამოქმედო გეგმა წარადგინა და თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები დააანონსა.
0
0