23/06/2023
12:01
პოლიტიკა
საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით გუშინდელი კომენტარები აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია 12-დან სამ კრიტერიუმთან დაკავშირებით და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეფორმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
„პარლამენტის გადაწყვეტილება, არ გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის კანონი ძალიან კარგად იქნა აღქმული და მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისია, ევროკომისია და ევროპული საბჭო ძალიან მკაფიო იყვნენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ასეთი სახით არ არის გზა პოლიტიკური და ფინანსური გავლენის აღმოსაფხვრელად საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში. უკეთესია სისტემური რეფორმებით, რომელიც რეალურად გადაჭრის ამ რთულ პრობლემას. ყველას კარგად ესმის, რომ რეფორმები, რომლებიც გაწერილია 12 რეკომენდაციაში, რთულია, თუმცა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ თავად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს სისტემის გაძლიერებისთვის.
ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი და მოგაწოდათ მკაფიო გზამკვლევი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, მათ შორის იყოს ინკლუზიურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. სწორედ ასე მიიღებს საქართველო პოზიტიურ შედეგს, კანდიდატის სტატუსს დეკემბერში, რომლის ხილვაც ყველას ასე გვსურს. თუმცა, კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ეტაპები შესასრულებელია დეკემბერში პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თვეებში ყველა გაერთიანდება ამ ამოცანის შესასრულებლად რეალური პროგრესის მიღწევისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
0
0