
იუსტიციის მინისტრი, "ღამის კურიერის" ეთერში, ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილების საკანში ნამდვილად მოხდა სხვა პატიმრების შესახლება.
იყვნენ თუ არა აღნიშნული პირები ვატო ყიფიანი და სხვები - პაატა სალიას თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
"ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს, ვინ იყვნენ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება. ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული - ეს ყველაფერი გამოძიების მიერ არის დასადგენი", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ფეიქრიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მყისიერად დაიწყო გამოძიება.
"იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ჩვენებები არსებობდა, რაზეც ახლა დეტალურად არ ვისაუბრებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ პროკურატურას გაეგრძელებინა გამოძიება. უწყებრივი ქვემდებარეობის საკითხები კანონით არის დარეგულირებული და ეს ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში განხორციელდა.
ვინაიდან გაჟღერებული იყო ბრალდება, რომ ამ ყველაფერში გარკვეული მონაწილეობა ჰქონდა პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს... რა თქმა უნდა, ეს მძიმე ბრალდებაა და უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით. თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში.
გამოძიება დაადგენს, კონკრეტულად იმ პირების სახელს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი. ამას ყველაფერს გამოძიება იტყვის. იმედი მაქვს, რომ მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა საზოგადოების მხრიდან, რომ იგივე სისტემა იძიებს [საქმეს].
გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა პაატა სალიამ.
0
0