
“მინდა, გამოვეხმაურო იმ შემზარავ შემთხვევას, რაც ვაზისუბანში 14 იანვარს მოხდა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს. ამხანაგობა ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია კორპუსის ამხანაგობა, თუმცა მათ ფინანსურ დახმარებას უწევენ შესაბამისი გამგეობებიც.
„მინდა, განმარტებები გავაკეთო, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას. საუბარი იყო მერიის, ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე. შეიძლება, ბევრმა არ იცის რეალობა, ბევრი შეიძლება, მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან კარგა ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება, არის სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების.
რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რაც ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა. მოსახლეობას მინდა შევახსენო და მივაწოდო ინფორმაცია, რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხოს ექსპლოატაცია.
არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლოატაციის შესახებ, კერძოდ ამხანაგობა ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს“, – განაცხადა კალაძემ.
.
0
0