
რუსეთის დარტყმის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა, ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი წერს, გრძელდება მუშაობა რუსეთის მასშტაბური იერიშების შედეგების აღმოსაფხვრელად, მათ შორის კიევსა და ხარკოვში.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით რუსეთმა 60-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მთლიანობაში კი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული იყო 70 რაკეტა და 611 დრონი.
„დედაქალაქში 28 ადამიანია დაშავებული, ოთხი კი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის დარტყმის შედეგად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ეკლესიას, რომლის ისტორია მე-11 საუკუნიდან იწყება. ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ დღემდე ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ტაძრის სახურავზე ხანძარი ჩააქრო.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ხარკოვზე თავდასხმაზე და განაცხადა, რომ რუსეთმა განმეორებითი დარტყმა განახორციელა უკრაინელ მაშველებზე, რომლებიც თავდასხმის შედეგად სამრეწველო ობიექტზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, ხარკოვში ხუთი დაღუპული და ცხრა დაშავებული ადამიანია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დნიპროში რუსეთმა დარტყმა განახორციელა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, კოლეჯსა და რამდენიმე საწარმოზე. მისივე თქმით, ეს თავდასხმები აჩვენებს რუსეთის განზრახვას, გააგრძელოს ომი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ახლა სამიტისთვის იკრიბებიან, გასცენ პასუხი. ეს პასუხი უნდა იყოს გადამწყვეტი და არსებითი: მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, განსაკუთრებით ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
0
0