
სომხეთის ქალაქ სტეფანავანის მერობის კანდიდატი, ოპოზიციონერი არსენ გევორქიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სომხური მედიის თანახმად, მას გულის შეტევა დაემართა, რამაც მისი უეცარი გარდაცვალება გამოიწვია.
სასჯელაღსრულების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნონა ნავიკიანმა სომხურ მედიას განუცხადა, რომ 10 ნოემბერს, დაახლოებით დილის 07:55 საათზე, 1980 წელს დაბადებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. მისი თქმით, დაახლოებით დილის 08:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ბიოლოგიურად გარდაცვლილად გამოაცხადა.
სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ სტეფანავნის მერის პოსტზე პარტია „ძლიერი სომხეთის“ კანდიდატს, არსენ გევორქიანს, ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პარტია „ძლიერი სომხეთის“ განცხადებით, პირი, რომელმაც ასობით ადამიანის უსაფუძვლო დისკრედიტაცია და დაპატიმრება ბრძანა, ციხეში კიდევ ერთი ოპოზიციური მოღვაწის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.
„ხელისუფლებამ ის არჩევნებამდე დააკავა, მის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია დაიწყო შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე. კიდევ ერთი ოპოზიციური მოღვაწის ციხეში გარდაცვალება იმავე ადამიანის კისერზეა, რომელმაც ასობით ადამიანის უსაფუძვლო დისკრედიტაცია და დაპატიმრება ბრძანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0