
ვიღაცებს თუ რამე არ მოსწონდათ, უფრო ადრე უნდა ჰყოფნოდათ ვაჟკაცობა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღო, - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ჭიათურის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოს წევრების ნაწილის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.
„მინდა ყველას პატივისცემა დავუფიქსირო, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს მათი არჩევანია. ვწუხვარ, რომ ბათუმში მაგალითად გიორგი კირთაძე და მისი თანაგუნდელები, ჩვენდა სამწუხაროდ, 8-9 თვის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის რყევით, ეს ობიექტურად მგონი უფრო მალე უნდა ჰყოფნოდა ვიღაცებს ვაჟკაცობა, რომ თუ რამე არ მოსწონდათ, კონკრეტული გადაწყვეტილება მიეღოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ, მინდა წარმატება ვუსურვო ოლიგარქთან ბრძოლაში და არა ნაციონალურ მოძრაობასთან ჭიდაობაში. მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში ვითანამშრომლოთ თუ მათ მოუნდებათ ხვალ, ზეგ.
მესმის მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჭიათურას, ცოტა კომიკურია, მესამედ თუ მეოთხედ ტოვებენ 2023 წელს პარტიას უკვე, ეს ხომ სასაცილოა. ყოველ ორ თვეში ერთხელ ნიუსია, რომ ჭიათურის მელიას ხალხი ტოვებს პარტიას, როგორ შეიძლება სამჯერ დატოვო პარტია, ჩემთვის გაუგებარია.
მარტივ რამეს შევახსენებ საზოგადოებას, შემახსენეთ, ბოლოს ჭიათურის საკრებულოს წევრმა, როდის ისაუბრა ჭიათურის პრობლემებზე, როდის გაავრცელეს რამე განცხადება და როდის ისაუბრეს ჭიათურის მერის გადადგომაზე, მაგალითად. უხერხულია, მართლა გულწრფელად ვამბობ. მესმის, ვისაც უნდა წავიდეს და სხვა გზა ნახოს, ოღონდ კიდევ ვამბობ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუს ოლიგარქთან ბრძოლა, მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დასრულება, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ ზუგდიდის საკრებულოს 14-მა წევრმა დატოვა - მათ შორისაა ფრაქციის თავმჯდომარე, აპარატის სამი თანამშრომელი და საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი.
პარტიის დატოვების შესახებ გუშინვე ჭიათურის საკრებულოს 5-მა წევრმაც განაცხადა.
2 დღის წინ კი „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს 13-დან 7-მა წევრმა მიიღო.
0
0