
ვერ ვიგებ, კონკრეტულად, რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა? - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არც ერთი დაკავებული ერთმანეთს არ იცნობდა, არადა, მათ ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
„ვერ ვიგებ, რას მედავებით. კონკრეტულად, რას მედავებით? ანდრო ჭიჭინაძემ რა დააშავა? ეს ერთი, მეორე - ჯგუფურობას ნაცნობობა არ სჭირდება? როგორ შეიძლება გვერქვას ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს?
რაღაც ჯგუფში ვართ მოაზრებულები, სადაც, „დანაშაული“ ჩავიდინეთ, თან, სხვადასხვა დროს ჩადენილ „დანაშაულს“ გვედავებით. როგორ შეიძლება ეს ჯგუფური იყოს?.. ვერავის შეაშინებთ! შიშიც ადამიანურია, გადავაბიჯებთ და სათქმელი ყოველთვის ითქმება“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
სამხრეთ კორეის ქალაქი პოჩონი დაიბომბა
06/03/2025