
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ პირად საუბარში დონორებს უთხრა, რომ სურს, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მოიპოვოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დონალდ ტრამპი შესაძლოა, მზად იყოს საჯაროდ დაუჭიროს მხარი ჯეი დი ვენსს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი მრჩევლის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, ვინ იქნება მისი მემკვიდრე.
„საბოლოოდ, ჩვენ ჯეი დი ვენსი უნდა ავირჩიოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დაახლოებით ორი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დონორებთან შეხვედრისას.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ეს განცხადება განსხვავდება იმ რიტორიკისგან, რომელსაც ტრამპი ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ იყენებდა. მან არაერთხელ წაახალისა კონკურენცია ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის. როგორც გამოცემა წერს, ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ორი ადამიანი კარგი საარჩევნო ტანდემი იქნებოდა და მუდმივად თავს არიდებდა იმის თქმას, ვის ამჯობინებდა პრეზიდენტობის კანდიდატად.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, მაშინაც კი, როცა ტრამპი ოვალურ კაბინეტში დონორებთან ვენსს აქებდა, ის მაინც ეკითხებოდა გარშემომყოფებს, ვენსსა და რუბიოს შორის რომელს ანიჭებდნენ უპირატესობას.
თეთრი სახლის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, პრეზიდენტმა ამ ორ პოლიტიკოსზე თანამშრომლების აზრი გასული თვის ბოლოს Marine One-ით ფრენის დროსაც გამოიკითხა. პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელსაც უშუალოდ აქვს ინფორმაცია ტრამპის დონორებთან გაკეთებული განცხადების შესახებ, აღნიშნა, რომ ტრამპმა პირად საუბრებში უკვე გადაწყვიტა, რომ რესპუბლიკური პარტიის მომავალი ლიდერი ვენსი იქნება. თუმცა, მისი თქმით, ჯერ „ძალიან ადრეა“ იმის განსაზღვრა, როდის წამოაყენებს კანდიდატურას ან როდის დაუჭერს მას ტრამპი მხარს საჯაროდ.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, „ტრამპის სამყაროს“ სხვა ექვსმა მრჩეველმა და მოკავშირემ აღნიშნა, რომ არ სჯერათ, თითქოს, პრეზიდენტმა საბოლოო არჩევანი უკვე გააკეთა ვენსზე. მათი თქმით, ტრამპი სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამეს ეუბნება და შესაძლოა, 2028 წლის მხარდაჭერის საკითხზეც შეიცვალოს აზრი. ტრამპის გარემოცვაში ასევე თანხმდებიან, რომ პრეზიდენტი მხარდაჭერის გამოცხადებას შეგნებულად გადადებს, რათა ნაადრევად არ გადაიქცეს პრეზიდენტად, რომლის გავლენაც თანამდებობის დასრულების მოახლოებასთან ერთად სუსტდება.
„ვინც ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, ან მოვლენებს ძალიან უსწრებს, ან უბრალოდ პრეზიდენტს კარგად არ იცნობს“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
თავად ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს არ დაუდასტურებია, აპირებს თუ არა კენჭისყრას. წყაროს ინფორმაციით, ჯეი დი ვენსს მიმდინარე წლის დასაწყისში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული და საბოლოო გადაწყვეტილებას მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ მიიღებდა. მისი შვილი კი 19 ივლისს დაიბადა.
ვენსმა ივნისში CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხს შუალედური არჩევნების შემდეგ მეუღლესთან ერთად განიხილავს. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ „ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ის მიიღებს“.
ვენსმა ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ამჟამად მთლიანად საკუთარ მოვალეობებზეა კონცენტრირებული და მარკო რუბიოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ შესაძლო მემკვიდრის არჩევამ უკვე წარმოშვა ისეთი დაძაბულობა, რომელიც მწვავე პარტიულ პრაიმერიზს ახასიათებს. დონორები, აქტივისტები და რესპუბლიკური პარტიის სხვა გავლენიანი ფიგურები უკვე ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას ან წინააღმდეგობას ჯეი დი ვენსის მიმართ. გამოცემის ინფორმაციით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება შუალედური არჩევნების შედეგებზე. თუ „რესპუბლიკელები“ ცუდ შედეგს აჩვენებენ, ამან შესაძლოა, წაახალისოს დონალდ ტრამპის რჩეულის კონკურენტები, მას დაუპირისპირდნენ და ადმინისტრაცია უფრო მწვავედ გააკრიტიკონ. ამავე ინფორმაციით, ვენსიც და რუბიოც შესაძლოა გახდნენ ისეთი შიდაპარტიული თავდასხმების სამიზნე, რომელთა განხორციელებას „რესპუბლიკელები“ თავად ტრამპის წინააღმდეგ თავს არიდებენ. „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ეს ტენდენცია სოციალურ ქსელებში უკვე შეინიშნება.
რაც შეეხება მარკო რუბიოს, გამოცემის ინფორმაციით, ის თავს არიდებს 2028 წლის არჩევნებზე ნებისმიერ საუბარს. წყაროების თქმით, ბოლო დროს რუბიომ მედიასთან ურთიერთობაც კი შეამცირა, რათა ამ თემაზე დამატებითი კითხვები თავიდან აიცილოს და ახალი სპეკულაციები არ გამოიწვიოს.
0
0