19/12/2022
23:58
სპორტი
ფინალურ მატჩამდე ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ „კატარი-2022“ იყო ყველაზე საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი, რაც კი აქამდე ჩატარებულა.
მე უკვე ათეული წლებია ვისმენ ამ ტრაფარეტულ ფრაზას სხვადასხვა პრეზიდენტისგან, და სიმართლე გითრათ, სხვას ნამდვილად არ ველი, მაგრამ ფინალური მატჩის ხილვის მერე ძალიან დამაინტერესა რას იტყოდა იგი.
რადგან ეს ფინალური მატჩი აღმოჩნდა საუკეთესო, ყველა წინა ფინალთან შედარებით, რომელზეც მუდამ გაიხსენებს და ილაპარაკებს გულშემატკივარი, მეტს ალბათ 1966 წლის ფინალზე ილაპარაკებენ, ხაზის მსაჯის ბაქოელი ტოფიკ ბახრამოვის თავდაჯერებული გადაწყვეტილებით ჰერსტის დარტყმულის გოლად ჩათვლის გამო, რომელზეც დღემდე ვერ მივიდნენ საბოლოო გადაწყვეტილებდამდე - იყო თუ არა გოლი.
არა, მატჩი 79-ე წუთამდე ცალ-კარში მიდიოდა, მეორე კარში პირველი დარტყმა მხოლოდ 68-ე წუთზე შესრულდა. და იმ წუთისთვის დარტყმების თანაფარდობა 9-1 გახდა.
საბოლოო ანგარიში დარტყმებისა 19-9 გამოვიდა არგენტინელების სასარგებლოდ. ამ ლამაზი მატჩის მიმოხილვას ცოტას კიდევ დავამძიმებ სტატისტკით, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში სტატისტიკა ბევრ რამეს გამოხატავს, რაღაცას მეტყველებს თამაშის ხარისხისა და ხასიათის შესახებ.
აი მაგალითად, მეორე ტაიმზე კომპენსირებულ დროში 3 დარტყმა განხორციელდა, თან ორივე გუნდის მიერ, ესეთი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ ძირითადად მაშინ, როცა ერთი გუნდი აგებს მინიმალური ანგარიშით და აწარმოებს შტურმს მეტოქის კარზე და ამ დროს მეტოქე გამოიჭერს ხოლმე კონტრშეტევაზე, მაგრამ აქ ეს მოხდა საყაიმო ანგარიშზე, თან გადამწყვეტ, ძალიან ბევრი რამის გადამწყვეტ მატჩში. გულშემატკივარი მხოლოდ ნატრობს ასეთ დამოკიდებულებას ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მხრიდან.
მწვრთნელებს რაც შეეხება, მიუხედავად მარცხისა და მიუხედავად აშკარად უსუსური 68, თუ 79 წუთისა, მაინც ფრანგების მწვრთნელმა დეშამპმა აჯობა არგენტინელთა დამრიგებელ მესის სეხნია სკალონის.
41-ე წუთზე როცა ანგარიში 0-2 იყო, მან ორმაგი ცვლილება განახორციელა, მოედანზე შემოიყვანა კოლო-მუანი და ტიურამი, რითაც დაიწყო თამაშის ცვლილებების პროცესი და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა ფრანგული ჟურნალ ,,ეკიპის,, მხრიდან 7-7 ქულიანი შეფასება მიიღო, ათიდან; მეტი მხოლოდ მბაპეს ჰქონდა 9, ხოლო 8-8 ქულა დაიმსახურეს არგენტინელებმა - მესიმ, დი მარიამ და მეკარე მარტინესმა.
ზუსტად ნახევარ საათში 71-ე წუთზე ფრანგები კვლავ ორმაგ ცვლილებას ახორციელებენ, და დაიწყო რაც დაიწყო, მე-80 და 81-ე წუთბზე მბაპეს 2 გოლი (1 პენალტით) გააქვს და რაღაც პერიოდით უსუსურებად უკვე არგენტინელები გამოიყურებიან ფრანგების ფონზე.
დამატებით დროში, გუნდებს კიდევ თითო გოლი გააქვთ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს მესის 108-ე და და საუკეთესო ბომბარდირ მბაპეს 118-ე წუთებზე პენალტით, რითაც პირველი დუბლს ასრულებს, ხოლო მეორე ჰეთ-თრიქს... თუმცა ორივეს თამაშიდან მხოლოდ 1 გოლი აქვთ გატანილი, არგენტინელთა მესამე გოლი დი მარიამ შეაგდო.
და აქ ხდება სასწაული, არგენტინელთა მეკარე სასწაულ რეაქციას ავლენს და შპაგატში ჩამჯდარი იგერიებს ერთი-ერთზე გასული კოლო მუანის დარტყმას. ამის მერე არგენტინელი ლაუტარო მარტინესის თავური დარტყა სცდება კარს და მივდივართ პენალტების სერიასთან.
სხვათაშორის ლაუტარო მარტინესი 103-ე წუთზეღა შემოიყვანეს მოედანზე და ამ 20-იოდ წუთში, მან 4 დარტყმა მოახერხა, აშკარად დაგვიანებული ცვლილება იყო.
პენალტების სერიას კი დასრულება არ ეწერა... მეხუთე დარტყმები აღარ დასჭირდათ გუნდებს. არგენტინელებმა ოთხივე ზუსტად დაარტყეს, ხოლო ფრანგებმა 2 ვერ გამოიყენეს...
სხვათა შორის ორივე ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, დანარჩენი 2 გატანილიდან, ერთი ასევე ცვლილებაზე შემოსულმა გაიტანა, ხოლო პირველი დარტყმა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა კილიან მბაპემ შეასრულა ზუსტად, ანუ გუშინ სამიდან სამი პენალტი შეაგდო.
ასე დრაატულად და ლამაზად გახდა არგენტინა მესამედ (ამდენივე ვერცხლი აქვთ) მსოფლიოს ჩემპიონი, 1978 და 1986-შემდეგ, ხოლო ფრნაგებმა მეორედ (ამდენივე ოქრო აქვთ) მიიღეს ვერცხლის მედლები.
დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან გაუხარდა მესის ეპოქის ოქროსფრად გაელვარება, რომელსაც სრულფასოვან სიდიადისთვის ნამდვილად სჭირდებოდა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება.
ყველა სხვანაირი შედეგი, მაინც დატოვებდა გარკვეულ გულისტკივილსა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, რადგან მატჩამდე ხშირი იყო საუბრები, რომ ამ ფინალის მერე მესი ემშვიდობებოდა ნაკრებს, მაგრამ ეხლა გავრცელდა ხმები, რომ მესი მონდომებულია ჩემპიონი გუნდის მაისურით გამოდიოდეს მოედანზე და აგრძელებს სანაკრებო კარიერას, სხვათაშორის ისევე, როგორც ხორვატი ლუკა მოდრიჩი.
ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0