
უნგრეთი არ უჭერს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს ევროპაში ომს შემოიტანს და უნგრელების ფულს უკრაინაში წაიღებს, - განაცხადა უნგრეთის პრემნიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, მრავალფეროვანი ბრალდებებით, კიდევ ერთხელ შეუტია უნგრეთსა და უნგრეთის მთავრობას. მინდა, ასევე მივაქციო პრეზიდენტის ყურადღება იმ ფაქტს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირისგან მიღებული მხარდაჭერა მოიცავს უნგრულ ფულსაც. ჩვენ ეს არ გვახარებს, მაგრამ ეს მაინც ფაქტია. უნდა უარვყო მინიშნება, თითქოს უნგრეთს უკრაინის ვალი აქვს. უკრაინა არ იცავს უნგრეთს არავისგან და არაფრისგან. ჩვენ ასეთი რამ არ გვითხოვია და არასდროს ვითხოვთ. უნგრეთის უსაფრთხოება გარანტირებულია ჩვენი ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობებითა და ნატოთი, რომლის წევრი უკრაინა (საბედნიეროდ) არ არის“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
„და ბოლოს, მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები, ერთსულოვნად. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მხარი დაუჭიროს ან წინააღმდეგი წავიდეს ახალი წევრის მიღებაზე. უნგრეთი არ უჭერს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში წევრობას, რადგან ეს ომს შემოიტანს ევროპაში და უნგრელების ფულს უკრაინაში წაიღებს. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე უნდა შევიდეს სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს არის ჩვენი წინადადება. ჩვენ ამ პოზიციას მომავალშიც დავიცავთ, რისი სრული უფლებაც გვაქვს“, - დასძინა მან.
0
0