
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის „არა მხოლოდ არ შეესაბამება თურქეთსა და ევროკავშირს შორის პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბების ძალისხმევას, არამედ დაწერილია ისეთი ენით, რომელიც ეწინააღმდეგება ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებს.
„ჩვენ უარვყოფთ ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ თურქეთის შესახებ ანგარიშში სასამართლო სისტემასთან, ფუნდამენტურ უფლებებთან და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულ მიკერძოებულ და უსაფუძვლო ბრალდებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა თურქეთთან ურთიერთობები წარმართოს კეთილსინდისიერების პრინციპის ფარგლებში, ისეთი მიდგომით, რომელიც აძლიერებს გაწევრიანების პერსპექტივას, მოერიდოს პოლიტიკასა და რიტორიკას, რომელსაც ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს, და მიიღოს ნეიტრალური პოზიცია, რათა ურთიერთობები ორმხრივი დონის საკითხების მძევლად არ იქცეს“, - ხაზგასმით აღნიშნეს თურქეთის საგარეო უწყებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „თურქეთსა და ევროკავშირს შორის უფრო ძლიერი, ინსტიტუციონალიზებული და ურთიერთნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარება ორივე მხარის - თურქეთის, ევროპისა და ჩვენი ფართო გეოგრაფიის - ინტერესებშია“.
„ჩვენი ქვეყანა ამ გაგებითა და ხედვით მტკიცედ აგრძელებს მუშაობას და ევროკავშირისგანაც იმავე სტრატეგიულ ნებასა და კონსტრუქციულ მიდგომას ელოდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0